პრეზიდენტმა კოლონასთან ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და საფრანგეთის მხარდაჭერის საკითხი განიხილა - ადმინისტრაცია

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან კატრინ კოლონასთან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და საფრანგეთის მხარდაჭერის საკითხი განიხილა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსათვის ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყნის მოსახლეობა ურყევად უჭერს მხარს ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციას და სწორედ ამის დამადასტურებელი იყო 7-8 მარტის აქციები.

შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონის უსაფრთხოების საკითხს და ამ მიმართულებით შავი ზღვის უსაფრთხოებას. საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალი სატრანზიტო – ენერგეტიკული კავშირების განვითარებაში.

პრეზიდენტის განცხადებით, თუ საკითხს ისტორიული პერსპექტივით შევხედავთ, ის რაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო, დღეს უკვე რეალობაა და ევროპა უკვე წარმოდგენილია რეგიონის ქვეყნებში.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერა.

მინისტრის განცხადებით, სასიამოვნოა, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სიღრმისეულად პროევროპული ორიენტაციისაა და თბლისის ქუჩებში ვხედავთ  ევროკავშირის დროშებს. ,,საქართველოს ევროპული ოცნება უნდა გახდეს რეალობა!“ – აღნიშნა კოლონამ.

საქართველოს საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა ეწვია. საფრანგეთის საგარეო უწყების ხელძმღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში, ფრანგი დიპლომატი შეხვედრა გამართასაგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც, გაკეთდა ერთობლივი განცხადებები პრესისთვის.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კატრინ კოლონა ასევე შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

აღსანიშნავია,რომ 2018 წლის შემდეგ, ეს  საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში.