ოპოზიციის ლიდერებს კარგად ამჩნევთ აქციებზე და დედებს და მათ შვილებს ვერ ამჩნევთ - ნაცვლიშვილი „ოცნებას“

პუბლიკა

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტის შესახებ მიმართა.

მშობლები მე-15 დღეა კანცელარიასთან ღამეს ათევენ და მათი შვილებისთვის სამკურნალო მედიკამენტი შემოტანას მოითხოვენ.

„ჩვეულებრივ ადამიანებს, უბრალო ადამიანებს თქვენ ვერ ამჩნევთ. ვერ ამჩნევთ ვერც დედებს, რომლებიც კვირაზე მეტია ათენებენ და აღამებენ. ვერ ამჩნევთ ვერც მათ შვილებს. ამიტომ გვინდა ევროკავშირი, რადგან  საქართველოს  რამდენიმე მოქალაქე, ოჯახი იძულებული გახდა სწორედ იქ წასულიყო საკუთარი შვილების გადასარჩენად და იქ უფასოდ იღებენ ამ წამალს. თქვენ ამ ადამიანების მოსმენაც კი არ გინდათ.  ვერ ხედავთ, ვერ ამჩნევთ მათ… რატომღაც ოპოზიციის ლიდერებს კარგად ამჩნევთ აქციებზე და დედებს ვერ ამჩნევთ და მათ შვილებს“, – თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტის შესახებ ასევე ისაუბრა სხდომაზე დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ, რომელმაც პარლამენტარები მშობლების მიმართ უყურადღებობისთვის გააკრიტიკა.

„რომელი კომიტეტის თავმჯდომარე ან პარლამენტის წევრი მივიდა კანცელარიასთან და უბრალოდ დედებს დაელაპარაკა? იმისთვის, რომ ამ ადამიანების გასაჭირი გაეგო, რომელი მივიდა, გაესაუბრა და უთხრა, რომ კი თქვენ ძალიან დიდი პრობლემები გაქვთ, მაგრამ გვითხარით რა შეგვიძლია გავაკეთოთ. იმის მაგივრად, რომ აქ საქართველოს მოქალაქეები დაადანაშაულოთ თქვენს კეთილსინდისიერებაში თუ ჩაიხედავთ და თქვენს კეთილსინდისიერებას თუ შეაფასებთ იქნება ძალიან კარგი“,- განაცხადა დეკანოიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პასუხად განაცხადა, რომ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი ამ საკითხთან დაკავშირებით, მშობლებიც იქ იყვნენ, საკითხიც განიხილეს, შესაბამისად „პარალმენტში იყო ეს განხილვა.“

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლები 15 დღეა მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. მათი მოთხოვნაა, სახელმწიფომ საქართველოში შემოიტანოს და დააფინანსოს ბავშვებისთვის აუცილებელი პრეპარატი Voxzogo, რომელიც ავტორიზებულია აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის (FDA), ასევე ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ.