საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებას ევროპარლამენტის 4 დეპუტატი განცხადებით ეხმაურება. ევროპარლამენტარები ულოცავენ ქართველ ხახლს მიღწეულ შეთანხმებას და მხარეებს შეთანხმების პირობების მაქსიმალურად სწრაფად შესრულებისკენ მოუწოდებენ.
„გასული კვირის მოვლენები შემობრუნების წერტილი იყო საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. მთავარი პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო სისტემას განსაზღვრავს.
ხელშეკრულება 2020 წლის არჩევნების შემდეგი სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს: 120 მანდატი პროპორციული წესით, ხოლო 30 მანდატი მაჟორიტარული წესით. ამასთან, ვერც ერთი პარტია, რომელიც ხმების 40%-ზე ნაკლებს მიიღებს, ვერ შექმნის უმრავლესობას. ხოლო საარჩევნო ბარიერი 1%-იანი იქნება.
ჩვენ ვულოცავთ ამ ხანდახან მართლაც დაძაბული მოლაპარაკების ყველა მონაწილეს, მათ საკუთარი ქვეყნისა და მოქალაქეების საუკეთესო ინტერესი პირველ ადგილზე დააყენეს. ჩვენ ასევე მადლიერები ვართ იმ დიპლომატების, რომლებმაც ამ პროცესში მედიაციის გზით ფასილიტატორის როლი შეასრულეს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით კარლ ჰარცელს, ევროკავშირის ელჩს საქართველოში.
ჩვენ ასევე მოხარულები ვართ აღვნიშნოთ, რომ ხელმომწერებმა აიღეს ვალდებულება, ჩაატარონ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და თავიდან აირიდონ ყველა ქმედება, რომელიც აღქმული იქნება, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების შეუფერებელი პოლიტიზაცია. ჩვენ გვსურს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ სასამართლო სისტემისადმი ნდობის აღდგენის მნიშვნელობა და მოგიწოდებთ, თავი აარიდოთ საკვანძო თანამდებობაზე ისეთ დანიშვნებს, რომლებიც ამ პროცესს ხელს არ შეუწყობს.
ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს, სრულად შეასრულონ შეთანხმება და უზრუნველყონ საკონსტიტუციო ცვლილებების სწრაფად მიღება პარლამენტის მიერ, რათა მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ეუთო/ოდრის მიერ გამოცემული რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდეს, ვინაიდან ეს ნაბიჯები იქნება გადამწყვეტი საქართველოს შემდგომი პოლარიზაციის თავიდან აცილებისა და დემოკრატიის განმტკიცებისთვის. ჩვენ ასევე შეგახსენებთ, რომ პლურალისტული და დაბალანსებული მედია საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია მშვიდი და წარმატებული საარჩევნო პროცესისთვის”,- წერია განცხადებაში.
დევიდ მაკალისტერი, „ევროპის სახალხო პარტია”, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე;
მარინა კალიურანდი, სოციალ-დემოკრატი, ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე;
სვენ მიკსერი, სოციალ-დემოკრატი, ევროპარლამენტის მთავარი მომხსენებელი საქართველოს საკითხებზე;
ვიოლა ფონ კრამონ ტაუბადელი, მწვანეთა პარტია, ევროპარლამენტის საქართველოში დემოკრატიის მხარდამჭერი ჯგუფის წამყვანი წევრი.
ოპოზიციასა და ხელისიფლებას შორის შეთანხმებით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ უარს იტყვიან ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია.