პარლამენტი უმრავლესობის დეპუტატმა მაია მენაღარიშვილმა დატოვა.
უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის მიერ მენაღარიშვილის სახელმწიფო ენის კვლევის, განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით კონსულტანტად დანიშვნაა.
გადაწყვეტილების შესახებ 4 მაისს გახდა ცნობილი.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მაია მენაღარიშვილს სახელმწიფო ენის მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს მთავრობის ადმინისტრაციაში ხელმძღვანელობდა სარედაქციო დეპარტამენტს; ბოლო წლებში იკავებდა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას – კურირებდა სახელმწიფო ენის მიმართულებას.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტში შესვლა სალომე ჯინჯოლავას უწევს. ის ამჟამად პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის თანამშრომელია.