გორის სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებისათვის ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს ვითხოვთ - SJC

პუბლიკა

ორგანიზაციამ, „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ გორის სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარების სახელით, ოფიციალურად მიმართა ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიას და საცხოვრისიდან უსახლკარო პირების დაუყოვნებლივ გაყვანა და მათთვის ღირსეული და უსაფრთხო ალტერნატიული საცხოვრებლის უზრუნველყოფა მოითხოვა.

ორგანიზაციის ცნობით, გორის სოციალურ საცხოვრისში, რომელიც ნარკოლოგიური კლინიკის ყოფილ შენობაში მდებარეობს, ამჟამად 103 უსახლკარო ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის არიან არასრულწლოვანები, ხანდაზმულები, ვეტერანები, შშმ პირები. წლების განმავლობაში ეს ადამიანები უკიდურესად მძიმე, ღირსებაშემლახველ გარემოში ცხოვრობენ, თუმცა გორის მუნიციპალიტეტის მთავრობა კვლავ არ რეაგირებს საცხოვრისში არსებულ პრობლემებზე.

გორის მინიციპალიტეტის მერიისადმი ოფიციალურ მიმართვაში „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ ყურადღება გაამახვილა არაერთ გამოწვევაზე, რომელიც მუნიციპალიტეტის მყისიერ რეაგირებას საჭიროებს, მათ შორისაა:

  • შენობის მდგომარეობა, რომლის დაზიანებაც შეუიარაღებელი თვალითაც ადვილი შესამჩნევია – ირღვევა შენობის უკანა კედელი, საცხოვრისი დანესტიანებულია, ხოლო დეფორმირებული ჭერი და კედლები ინგრევა. ამის გამო უსახლკარო პირები საცხოვრისის ჩამოქცევის მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობენ;
  • ინდივიდუალური სველი წერტილების არარსებობა – ინდივიდუალურ საცხოვრებელ სივრცეში არ არსებობს სველი წერტილი (საპირფარეშო და სასმელი წყალი). საერთო სარგებლობის სველი წერტილები მხოლოდ დერეფნების ბოლოშია (თითოეულ სართულზე 2 სველი წერტილია), რომელიც არაიზოლირებული და იმდენად ავარიულია, რომ საცხოვრისში შეუძლებელია სანიტარულ-ჰიგიენური პირობების მინიმალური დაცვაც კი. დამატებით, მაცხოვრებლებს არ მიუწვდებათ ხელი თბილ/ცხელ წყალზე;
  • გადატვირთულობა – სოციალური საცხოვრისის ფართობი შეუსაბამოა მასში მაცხოვრებელთა სულადობასთან; მაგალითად, 3-სულიანი ოჯახი ცხოვრობს 11 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელში;
  • არასათანადო გათბობა – ინდივიდუალურად გამოყოფილ საცხოვრებელ ფართებს ზოგიერთ შემთხვევაში, არ აქვს კარები და საცხოვრებელი ფართი საერთო სივრცისგან (დერეფნისგან) იზოლირებულია ნაჭრის ფარდით, რის გამოც ვერ ხერხდება საცხოვრებელი სივრცის სათანადოდ დათბობა;
  • შშმ პირებისა და ხანდაზმულებისათვის შენობის მისაწვდომობის არარსებობა – საცხოვრებელი სივრცის მიუწვდომლობის გამო, აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლებს არაერთი ბარიერის გადალახვა უწევთ საცხოვრისის შიდა პერიმეტრზე გადასაადგილებლად, მათი ნაწილი კი საერთოდ ვერ გადაადგილდება.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ხაზს უსვამს, რომ გორის სოციალურ საცხოვრისში არსებული მდგომარეობა არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების უხეში დარღვევაა, არამედ სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციით გარანტირებული პრინციპის უგულებელყოფასაც წარმოადგენს. 

„შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერია ინფორმირებულია სოციალურ საცხოვრისში შექმნილ მდგომარეობაზე, ამ დრომდე არ იღებს რაიმე ტიპის ღონისძიებას უსახლკარო პირების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიმართულებით და, როგორც საცხოვრისის ბენეფიციარები მიუთითებენ, ამ საკითხზე მათ მიმართვებსაც რეაგირების გარეშე ტოვებს. მუნიციპალიტეტის მხრიდან სრული უგულებელყოფის პირობებში, უსახლკარო პირები იძულებულნი არიან, უკიდურესად მძიმე და ღირსებაშემლახველ პირობებში იცხოვრონ, რადგან საცხოვრისის დატოვება მათთვის ქუჩაში დარჩენას ნიშნავს, “- ამბობენ ორგანიზაციაში. 

რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველის აპარატმაც გაავრცელა ინფორმაცია და ფოტომასალა გორის სოციალური საცხოვრისის შესახებ.