„თურმე მიუღებელია ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებები, რაც მე ვთქვი, რომ მიუღებელია ლგბტ პროპაგანდა ბავშვებში, სკოლებში, ბაღებში და რომ მიუღებელია ეს აღვირახსნილი, აგრესიული პროპაგანდა, რაც შეეხება გენდერს და სქესის გადაკეთებას.
თუ ამის გამო ვიღაცას არ უნდა ჩვენს პოლიტიკურ პარტიასთან, მმართველ ძალასთან თანამშრომლობა, ეს მათი სურვილია, ჩვენც შესაბამისად გადავხედავთ მათთან თანამშრომლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამის თაობაზე იქნება მსჯელობა პოლიტსაბჭოს ფორმატში.
„უკვე დავიწყეთ დიალოგი და კონსულტაციები პარტიის შიგნით. ჩვენც გავაკეთებთ დასკვნებს, შეიძლება იმაზე ადრე, ვიდრე სოციალისტები შეიკრიბებიან ივნისში” – თქვა ღარიბაშვილმა.
„ევროპელი სოციალისტების” პარტიამ (PES) უნგრეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობის მიღება დაგმო. მათი განმარტებით, მიზეზი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრორუს ლიდერებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობა და პრორუსული ღირებულებების გაზიარებაა. ევროპული პარტია მომავალ სხდომაზე „ოცნებისთვის“ სტატუსის შეჩერებას განიხილავს.
ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში, კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. კონფერენცია 4-5 მაისს მიმდინარეობდა. ღარიბაშვილმა საკუთარ გამოსვლაში ჰომოფობიურ განცხადებებთან ერთად ანტიდასავლური შეთქმულების თეორიებიც გაავრცელა.
„პუბლიკა” ემიჯნება პრემიერის ჰომოფობიურ და დეზინფორმაციულ განცხადებებს.