საქართველოში ბინადრობის არმქონე რუსეთის მოქალაქეებს აეკრძალოთ უძრავი ქონების შეძენა 2025 წლამდე - კანონპროექტი

პუბლიკა

პარლამენტის წევრებმა ხატია დეკანოიძემ და რომან გოცირიძემ დაინიციირეს კანონპროექტი, რომლის მიხედვით, 2024 წლის 31 დეკემბრამდე აიკრძალება  საქართველოში ბინადრობის ნებართვის არმქონე რუსეთის მოქალაქეების მიერ უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ნასყიდობის ან ჩუქების გზით.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონში“ ცვლილებები ბიუროს სხდომაზე 15 მაისს დარეგისტრირდა.

პროექტის მიხედვით, უძრავი ქონების შეძენის შეზღუდვა არ გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც უძრავ ქონებას მემკვიდრეობით მიიღებს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მისი მიზანია საქართველოს მოქალაქეების დაცვა უძრავი ქონების მკვეთრი გაძვირებისაგან და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კუთხით შესაძლო გამოწვევების თავიდან აცილება.

„საქართველოში არსებული ლიბერალური სავიზო რეჟიმის პირობებში, ქვეყანაში შემოსულია რუსეთის დაახლოებით 120 000 მოქალაქე, რომლებიც დარჩნენ საქართველოში და ინტენსიურად ყიდულობენ ბინებს და სხვა უძრავ ქონებას. 2022 წელს საქართველოში რეალიზებული უძრავი ქონების თითქმის მეხუთედი უცხოეთის მოქალაქეებმა შეიძინეს, აქედან რუსეთის მოქალაქეებმა – 6062 ბინა. მყიდველთა რაოდენობა 4520 ადამიანს უტოლდება. 2023 წლის პირველ კვარტალში რუსეთის მოქალაქეებმა 2187 ბინა იყიდეს, სადაც მყიდველთა რაოდენობა შეადგენს 1679 ადამიანს.

რუსეთის მოქალაქეთა მიერ საქართველოში არსებული უძრავი ქონების შეძენის ასეთი ზრდადი ტენდენცია ზღუდავს საკუთრების უფლებას საქართველოს მოქალაქეთათვის. ამ მოვლენების ფონზე, მნიშვნელოვნად გაზრდილია ბინების ფასი, რის გამოც საქართველოს მოქალაქეების საკმაო ნაწილისათვის გართულებულია როგორც ბინის ყიდვა, ასევე ქირავნობაც. შესაბამისად, აღნიშნული კანონპროექტი, გარდა უსაფრთხოების პრობლემებისა, გამიზნულია საქართველოს მოქალაქეების დასაცავად ფასების ზრდისგან“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ კანონპროექტის ანალოგიური ვარიანტი მიღებულია ლიეტუვის რესპუბლიკაში, რომლის თანახმად, დროებით აკრძალულია უძრავი ქონების მიყიდვა რუსეთის მოქალაქეებისათვის.