ხოფერიას წამების საქმეზე ევროპულ სასამართლოში არგუმენტები წარვადგინეთ – საია

პუბლიკა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მათ „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ თანამშრომლობით, ირაკლი ხოფერიას საქმეზე ევროპულ სასამართლოში წერილობითი არგუმენტაცია წარადგინეს.

საია აცხადებს, რომ 2017 წლის 16 თებერვალს ირაკლი ხოფერია პოლიციელებმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გადაიყვანეს ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში, სადაც მას სამართალდამცავებმა  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„არასათანადო მოპყრობის მიზანი ხოფერიასგან აღიარებითი ჩვენების მოპოვება იყო იმ დანაშაულის შესახებ, რომელიც მას არ ჩაუდენია, წინააღმდეგ შემთხვევაში,ბმას ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებითა და მრავალწლიანი საპატიმრო სასჯელით ემუქრებოდნენ. ხოფერია განყოფილებაში მიყვანიდან 4 საათის შემდეგ გაათავისუფლეს, რაც გაარკვიეს, რომ ირაკლი, შეცდომით, სხვა პირის ნაცვლად დააკავეს“, – წერს საია.

ორი წლის შემდეგ, 2019 წლის 17 აპრილს ხოფერიამ ევროპულ სასამართლოს მიმართა.

„მომჩივანი დავობდა, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა), რადგან იგი პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარა და ამ ფაქტზე მიმდინარე გამოძიება არაეფექტიანი იყო“.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ირაკლი ხოფერიას საქმის განხილვა დაიწყო. ოქტომბერში კი მთავრობას შეკითხვებზე პასუხის გასაცემად 12-კვირიანი ვადა განუსაზღვრა.

„საქართველო ევროპულ სასამართლოში წარდგენილ წერილობით არგუმენტაციაში განმარტავს, რომ ირაკლი ხოფერიას წამების ფაქტზე ეროვნულ დონეზე გამოძიება ეფექტიანად მიმდინარეობს და საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

2020 წლის 10 მარტს წარდგენილ წერილობით არგუმენტაციაში საია და EHRAC ასაბუთებენ, რომ ირაკლი ხოფერიას წამების ფაქტზე მიმდინარე გამოძიება ვერ აკმაყოფილებს ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს.

„გამოძიების დაწყებიდან 3 წელი გავიდა, საგამოძიებო ორგანოებს დღემდე არ ჩაუტარებიათ მნიშვნელოვანი მოქმედებები. ამასთან, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული არაერთი მტკიცებულება პირდაპირ ადასტურებს კონკრეტული პოლიციელების მიერ ხოფერიას არასათანადო მოპყრობის ფაქტს, თუმცა, დღემდე არ მომხდარა დამნაშავე პირთა დასჯა. ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ნაცვლად, 2019 წლის მარტიდან დღემდე გენერალურ პროკურატურას არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებია.

დამატებით, საია ამტკიცებს, რომ ირაკლი ხოფერიამ დაზიანებები პოლიციელთა კონტროლის ქვეშ ყოფნისას მიიღო და მასზე ძალადობა სწორედ სახელმწიფოს წარმომადგენლებმა განახორციელეს. შესაბამისად, მომჩივნის წამებაზე საქართველოს ეკისრება პასუხისმგებლობა“, – წერია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, ორგანიზაციებმა ევროპულ სასამართლოში ასევე წარადგინეს ინფორმაცია წამებისა და არასათანადო მოპყრობის და აღნიშნულ ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების არაეფექტიანობის შესახებ და მსგავსი საქმეების გამოძიება საქართველოში კვლავ სისტემურ პრობლემას წარმოადგენს.

საია მოითხოვს, ევროპულმა სასამართლომ დაადგინოს საქართველოს მხრიდან კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა ირაკლი ხოფერიას მიმართ არასათანადო მოპყრობისა და ამ ფაქტზე დაწყებული გამოძიების არაეფექტიანობის საფუძვლით.