„სურამში, ბაიანთხევის დასახლებაში ბეტონის ფენა იხსნება" | განმარტება

პუბლიკა

სურამში, ბაიანთხევის დასახლებაში ბეტონის ფენის მოხსნის სამუშაოები მიმდინარეობს – ამის შესახებ განცხადებას ეროვნული სატყეო სააგენტო და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც უწყება წერს, ამ ტერიტორიაზე ჩაბეტონებული იყო კერძო პირის მიერ სახლამდე მისასვლელი გზა და ხეები.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ფაქტის შესწავლით დადგინდა, რომ დაბეტონებული ტერიტორიის  267 კვ.მ. სახელმწიფო ტყის, ხოლო – 117 კვ.მ. მუნიციპალიტეტის მფლობელობაშია.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, 15 მაისს, სურამში, ბაიანთხევის დასახლებაში, კერძო პირის მიერ სახლამდე მისასვლელი გზის, მათ შორის ხეების თვითნებურად ჩაბეტონების ფაქტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებენ.

11 მაისს, სურამში, ბაიანთხევის დასახლებაში, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა გამოავლინეს სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების რამდენიმე ფაქტი, რომლებზეც ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

უნდა აღინიშნოს, რომ 11 მაისის მდგომარეობით, თვითნებურად დაკავებულ ტერიტორიებზე, არ ფიქსირდებოდა სამუშაოების, კერძოდ ბეტონის დასხმის არანაირი კვალი. სამართალდამრღვევმა, აღნიშნული ტერიტორიის ბეტონით დაფარვის სამუშაოები 12-14 მაისს (უქმეებზე) განახორციელა.

15 მაისს, აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემდგომ, ვითარების შესწავლის მიზნით, ადგილზე გავიდნენ ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები. ფაქტის შესწავლით დადგინდა, რომ დაბეტონებული ტერიტორიის ნაწილი – 267 კვ.მ. წარმოადგენს სახელმწიფო ტყის, ხოლო – 117 კვ.მ. მუნიციპალურ ტერიტორიას.

ამ დროისთვის, ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბეტონის ფენის მოხსნა, რის შემდეგაც, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები შესაბამის ღონისძიებებს გაატარებენ, მოხდება გარემოზე მიყენებული ზიანის შესწავლა – მიწის დეგრადაციისა და ნაყოფიერი ფენის შესწავლა და შესაბამისად დაანგარიშდება ზარალი. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნება შესაბამის უწყებებს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.