უხილავ ძაფებს ადგილებსა და ადამიანებს შორის ყოველთვის ვაბამთ. ადგილები ზოგჯერ უმიზეზოდ გვიყვარდება. ისინი მნიშვნელობას ზოგჯერ ადამიანების მიხედვითაც იძენენ – იქ ის გავიცანი, აქ ეს ვნახე.
უცნაურია მხოლოდ ერთი დეტალი: ის ადგილები, რომლებმაც ტკივილი მოგვაყენეს, ზოგჯერ გვიყვარდება კიდეც.
ალბათ ოთხი ან ხუთი წლის ვიქნებოდი, როცა კოჯრის ცენტრში, ჩემი სახლიდან ერთ კილომეტრში საბჭოთა ბეტონისგან აგებული, ე.წ. ლავრენტი ბერიას დაჩების ეზოში სპილოს ფორმის სასრიალო გავიცანი.
სპილოს ზურგში ჩაშენებული სამი საფეხური ყოველთვის ძალიან რთულ გზად მეჩვენებოდა, თუმცა ბეტონის ხორთუმზე ჩამოსრიალების სურვილიც არ მასვენებდა. ოთხივე კიდურს ვიყენებდი, რომ მიწიდან ერთი მეტრის სიმაღლეზე ავბობღებულიყავი და ბეტონის ხორთუმზე ჩამოვსრიალებულიყავი. არასოდეს მბეზრდებოდა.
„სპილოს“ დიდი ყურები ჰქონდა, სადაც მე და ჩემი და თავისუფლად ვეტეოდით. ერთხელ ამ ყურზე ავძვერი. ყურს ხელები მტკიცედ ჩავკიდე, ტანით უკან გადავიწიე და უცნაური ტრიუკით თავით ძირს აღმოვჩნდი. თავი ბეტონს დავარტყი. ამ მოგონებებიდან ყველაფერი წითლად მახსოვს. თავი ისე გამიტყდა, სისხლი პირდაპირ თვალებში ჩამდიოდა. მოვარდა წითელი დედაჩემი, სასწრაფოდ ამაყენა. გულში ჩამიკრა და გამაქცია წითელი ბაღიდან. იმ დღეს სპილოც წითელი მეჩვენებოდა: სირცხვილის (ჩემი ჩამოვარდნა რომ დაუშვა) და სისხლის გამოც, რომელიც თვალის დახამხამების საშუალებასაც აღარ მაძლევდა. ბუნდოვნად მახსოვს წითელი გზა და მეზობლის წითელი ბავშვებიც, რომლებიც განცვიფრებული სახით მოჰყვებოდნენ ჩემი სისხლის ნაკვალევს. გონება დავკარგე და მაშინ გამომეღვიძა, როცა ყველაფერს თავისი ფერი უკვე დაბრუნებოდა.
წლების შემდეგ, რამდენჯერაც ამ სასრიალოს ჩავუვლიდი, იმდენჯერ ღიმილით ვიხსენებდი ამ ისტორიას და გარშემო მყოფებს ვუყვებოდი. ხშირ შემთხვევაში, ისინი ვერ ხვდებოდნენ, რატომ იყო ქვის გროვაზე თავით დაბერტყება ღიმილიანი სახით გასახსენებელი.
რატომ გვაბედნიერებენ ადგილები, რომლებმაც ტკივილი მოგვაყენეს. იმიტომ ხომ არა, რომ ახლა თვითონ არიან გაბზარული, გატეხილი, საღებავგადაცლილი. იქნებ იმის გაანალიზება გვახარებს, რომ ადგილები, ტკივილებთან ერთად, მტვრად ჩვენამდე იქცევიან.