დაავადებათა კონტროლის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, რომ სიმპტომების გამოვლენამდე ინფიცირებული პირი სხვა ადამიანებისთვის გადამდები არ არის.
„ადამიანი გადამდები არ არის მანამ, სანამ არ დაეწყება სიმპტომები. ყველაზე უფრო მეტად ადამიანი გადამდები არის მაშინ, როდესაც მას ხველა დაეწყება. მანამდე ადამიანი გადამდები არ არის. მას შემდეგ, რაც ადამიანს სიმპტომები დაეწყება, მაგალითად, მაღალი ტემპერატურა, ის უკვე გადამდებია, თუმცა განსაკუთრებით გადამდებია მას შემდეგ, რაც ინფიცირებულს ხველება დაეწყება. თუ არანაირი სიმპტომი არ აქვს, ამ შემთხვევაში ადამიანი გადამდები არ არის“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
შესწორება: ამ განცხადების შემდეგ, „პუბლიკამ” დამაზუსტებელი კითხვით მიმართა იმნაძეს. მისი განმარტებით, თამამად იმის თქმა, რომ სიმპტომების გამოვლენამდე ვირუსის გადადება არ ხდება, არ შეგვიძლია, თუმცა, მისივე თქმით, სიმპტომების გამოჩენამდე, რამდენიმე საათით ადრე ვირუსის გადადება, იშვიათად შესაძლებელია.
როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, „სიმპტომების მქონე პაციენტი ბევრად უფრო გადამდებია, ვიდრე ასიმპტომური, მაგრამ მისგან ინფექციის გადაცემა შესაძლებელია”.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 6 მარტის ანგარიშით, „სიმპტომების გამოვლენამდე ტრანსმისიის (გადადება) რისკი განსაკუთრებით მაღალია გრიპის დროს. ამის საწინააღმდეგოდ, მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც სიმპტომების გამოვლენამდე 24-48 სააათით ადრე გადასდეს კორონავირუსი სხვებს, ამ დროისთვის ეს [ასიმპტომატური ტრანსმისია] არ არის ვირუსის გავრცელების მთავარი მამოძრავებელი”.