ფოთის პორტში ირანის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ევროპაში 80 კგ. ჰეროინის გადაზიდვას გეგმავდა - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფოთის პორტში ირანის მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ის ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ ევროპაში გადატანას გეგმავდა.

„…ფოთის პორტში გამოავლინეს რისკის შემცველი სატვირთო ავტომობილი, რომელსაც ბრალდებული მართავდა. ავტომობილის ჩხრეკისას, მისაბმელის უკანა ორ კარში, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან – 315 შეკვრად დაფასოებული, 80 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს განზრახული ჰქონდა ირანიდან სომხეთისა და საქართველოს გავლით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ევროპაში გადაზიდვა, აღნიშნულის განხორციელებას ის საქართველოს ერთ-ერთი საზღვაო პორტის გავლით ცდილობდა, რა დროსაც ის დააკავეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.