ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მუშაობა ბავშვთა უფლებების დასაცავად არასაკმარისია. განცხადებას ორგანიზაცია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.
PHR საუბრობს კონკრეტულ გამოწვევებზე, რაც 2023 წელს ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სფეროშია.
„ბოლო წელს, წინა რამდენიმე წლის მსგავსად, მკვეთრად გაუარესდა მთავრობის თანამშრომლობა ბავშვთა უფლების დამცველ ორგანიზაციებთან. ამ ორგანიზაციების მოსაზრებები ფაქტობრივად აღარ აისახება სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობაში, გართულებულია სახელმწიფო სტრუქტურებთან კომუნიკაცია და ბავშვთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მიღებაც”, – აღნიშნავენ PHR-ში.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საგანგაშო იყო „რუსული კანონის“ ინიცირება პარლამენტში, რაც მათი ცნობით, მათ შორის საფრთხეს უქმნიდა ბავშვთა კეთილდღეობაზე და უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს და პირდაპირ აზიანებდა ბავშვებს და მათ ოჯახის წევრებს.
PHR-ს რამდენიმე კვლევა მოჰყავს მაგალითად, რომლებშიც ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზეა საუბარი.
„როგორც საქართველოს სახალხო დამცველი, 2022 წლის ანგარიშში მიუთითებს, გაორმაგებულია იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც მოსწავლის სტატუსი „საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად გამგზავრების გამო” შეუჩერდათ, რაც, მეტი ალბათობით, მძიმე სოციალურ – ეკონომიკური პირობების გამო, ქვეყნის დატოვებასთან არის კავშირში.
ბავშვთა მიმართ ძალადობის სტატისტიკა მომატებულია. ამის პარალელურად კვლავ პრობლემად რჩება ეფექტური გამოძიების ჩატარება, რაც ხშირად მოძალადეთა არაადეკვატურ დასჯას და/ან დაუსჯელობას იწვევს. დღემდე არასრულყოფილია ბავშვთა სფეროში ჩართული პროფესიონალების რაოდენობა, მათი გადამზადება ბავშვთა უფლებების საკითხებზე. არასაკმარისია რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სერვისები, რაც ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს და მათ ოჯახის წევრებს ესაჭიროებათ“, – წერია განცხადებაში.
ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ კვლევების საფუძველზე საუბრობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მდგობარეობაზე, ე.წ ბავშვთა სახლების არსებობასა და იქ არსებულ პრობლემებზე, ასევე ბავშთა უფასო სასკოლო კვებაზე.
- ქვეყანაში გვყავს განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფის ბავშვები: სიღარიბეში მყოფი შშმ ბავშვები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი შშმ ბავშვები და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები, რომელთათვისაც სახელმწიფო პროგრამები არასაკმარისია; ხოლო არსებული ბავშვთა კეთილდღეობის პროგრამები, არ არის მორგებული შშმ ბავშვებზე, რაც კიდევ უფრო მეტ ბარიერს უქმნის ამ ბავშვებს მათი უფლებების დაცვის პროცესში.
- საქართველოში კვლავ არსებობს ე.წ. ბავშვთა სახლები, რაც ეწინააღმდეგება ბავშვის უსაფრთხო და ჰარმონიული ცხოვრების, მათი განვითარების ფუნდამენტურ უფლებებს. სახელმწიფო კვლავ არაეფექტურად მუშაობს მზრუნველობამოკლებული ბავშვების მხარდაჭერის მიმართულებით.
- განსაკუთრებულად მძიმე გამოწვევად რჩება ბავშვთა უფასო სასკოლო კვების არარსებობა. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის თანახმად, ბავშვების მხოლოდ მეოთხედი (27%) იკვებება სასკოლო საათებში, ხოლო დანარჩენი ბავშვები ან საერთოდ არ იკვებებიან სკოლაში (35%), ან – არარეგულარულად. აღნიშნული პრობლემა არა მხოლოდ ბავშვების ჯანმრთელობას, არამედ მათ განათლებას და განვითარებას უქმნის საფრთხეს.
- იგივე კვლევა მიუთითებს, რომ სკოლამდელი აღზრდა (ბაღები) მიუწვდომელია ბავშვებისთვის სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, წამყვანი მიზეზი არის ის რომ საცხოვრებელი სახლის ახლომახლო არ არის ბაღი. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით იჩაგრებიან ბავშვები, რომელებიც ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენენ.
ამ და სხვა გამოწვევების გამო, PHR-ს მიაჩნია, რომ საჭიროა სახელმწიფო უწყებების მაქსიმალური მობილიზება ბავშვთა უფლებების გაძლიერების და მათ წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარებისთვის.