საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს არსებით განხილვას საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარლამენტის წინააღმდეგ“. საქმე ეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, ყოფილი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგის უარყოფითი შედეგების დაფარვას.
საიას განცხადებით, 2019 წელს თადუმაძემ საჯარო სამსახურის ბიუროსგან საკუთარი ქონებრივი დეკლარაციის გადამოწმების უარყოფითი შედეგების დაფარვა მოითხოვა.
„მან 2019 წლის ბოლოს სასამართლოს მიმართა და სასამართლოს სთხოვა არა მარტო ამ მონიტორინგის შედეგის, მათ შორის ბიუროს მიერ მიღებული შედეგის გადაწყვეტილების შეჩერება, არამედ ის, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას არაფერი არ გაეგო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სასამართლომ ზოგადად ინფორმაციას აკრძალა მიმდინარე დავასთან დაკავშირებით“, – განმარტავს საიას იურისტი, გიორგი გოცირიძე „მთავართან“.
საკონსტიტუციო სასამართლოს გავრცელებული ინფორმაციით, საკონსტიტუციო სარჩელში მოსარჩელე [საია] განმარტავს, რომ მას შეეზღუდა თადუმაძის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების შედეგის თაობაზე საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მიღებულ განკარგულებაზე წვდომა. მისივე პოზიციით, თანამდებობის პირთა შემოსავლებზე საზოგადოებას მაღალი ლეგიტიმური ინტერესი აქვს, რათა არ მოხდეს თანამდებობის ბოროტად გამოყენება.
„განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმები განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვის საფუძვლებს და ადგენს მონაცემთა სუბიექტის უფლებამოსილებას, მოითხოვოს კანონის საწინააღმდეგოდ შეგროვებული/დამუშავებული მონაცემების დაბლოკვა.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, საერთო სასამართლოებმა სადავო ნორმები განმარტეს იმგვარად, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებისას, გარკვეულ შემთხვევებში, გამოირიცხება შეჩერებული აქტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა. ამავდროულად, საერთო სასამართლოების განმარტებით, კანონსაწინააღმდეგოდ ცნობილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ ექცევა საჯარო ინფორმაციის ცნების დეფინიციის ქვეშ. […]
ინფორმაცია, რომელზე წვდომაც მოსარჩელეს შეეზღუდა, ეხება განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხს. შესაბამისად, მოსარჩელის აღნიშვნით, ამგვარ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით განმტკიცებულ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას“, – ნათქვამია საკონსტიტუციოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქმეს მეორე კოლეგია განიხლავს, რომლის შემადგენლობაში შედიან მანანა კობახიძე, ირინა იმერლიშვილი, ხვიჩა კიკილაშვილი, თეიმურაზ ტუღუში.