საქართველოში ადამიანის პაპილომა ვირუსის (აპვ) აცრა ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამაში 10-12 წლის გოგოებისთვის 2019 წლიდან შევიდა. 2022 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 13-18 წლის გოგოებში მეორე რაუნდის ჩატარება, ხოლო 2023 წელს ვაქცინაციის ზედა ზღვარმა 26 წლამდე აიწია.
სოციალურ ქსელში 26 წელს ზემოთ ქალები წერენ, რომ მათაც მიმართეს განცხადებით დაავადებათა კონტროლის ცენტრს და სცადეს, მიეღოთ ნებართვა, რაც რიგ შემთხვევებში, დაუკმაყოფილდათ.
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, სალომე კვარაცხელია ერთ-ერთია მათ შორის. ის „პუბლიკას” გამოცდილებას უზიარებს და აქვს რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მიმართონ NCDC-ის ქალებმა, რომელთა ასაკიც 26 წელს აღემატება და სურთ აპვ ვაქცინით უფასოდ აცრა.
„ძალიან მარტივი განცხადებით უნდა მიმართოთ დაავადებათა კონტროლის ცენტრს. მიუთითებთ თქვენს მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას და დაბადების თარიღს, სადაც ჩანს, რომ 26 წელზე მეტის ხართ და დაფინანსების პროგრამაში ვერ მოხვდებით. სთხოვთ, რომ პაპილომა ვირუსის ვაქცინა დაგიფინანსონ“, – გვიყვება სალომე კვარაცხელია.
დოკუმენტი NCDC-ის ოფიციალურ მეილზე იგზავნება – chancellery@ncdc.ge
ბმულზე გიზიარებთ განცხადების შაბლონს, სადაც შეიყვანთ თქვენს პირად მონაცემებს და გაგზავნით ზემოთ მითითებულ ე.ლ. ფოსტაზე;
თანხმობის მიღების შემთხვევაში, 26 წელზე მეტი ასაკის ქალები გინეკოლოგის რეკომენდაციასაც საჭიროებენ.
„დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, გაივლით კონსულტაციას თქვენს გინეკოლოგთან, რომელიც მოგცემთ წერილობით რეკომენდაციას და ამ 2 საბუთით მიხვალთ თქვენთან ყველაზე ახლომდებარე აცრის ცენტრში ან პოლიკლინიკაში და აიცრებით“, – ამბობს სალომე კვარაცხელია.
ამცრელი დაწესებულებების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე:
მისივე თქმით, საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შესაძლოა, ქალებს პაპილომა ვირუსის აცრაზე უარი ეთქვათ.
საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა უმეტესობის პრევენცია აპვ ვაქცინითაა შესაძლებელი.
ადამიანის პაპილომა ვირუსი ვირუსთა ჯგუფია, რომელიც მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული. ცნობილია ვირუსის 100-ზე მეტი გენოტიპი და აქედან 13 კიბოს გამომწვევია.
სქესობრივად აქტიური ქალებისა და მამაკაცების უმეტესობა ცხოვრების რაღაც ეტაპზე შესაძლოა, დაინფიცირდეს. შესაძლებელია განმეორებითი ინფიცირებაც.
UNFPA-ის ცნობით, საშვილოსნოს ყელის კიბო, რომლის გამომწვევი მიზეზი ძირითადად პაპილომავირუსია, საქართველოში ქალთათვის ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებულ ონკოლოგიურ დაავადებათა შორის მეხუთე ადგილზეა.
საქართველოს მთავრობამ და საერთაშორისო პარტნიორებმა (WHO, UNFPA) მხარი დაუჭირეს საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინაციასა და სკრინინგის პროგრამების დანერგვას დაავადების ტვირთის შესამცირებლად.
ამჟამად ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია:
- 10-12 წლის ასაკობრივ ჯგუფში ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;
- 13-26 წლის ასაკობრივ ჯგუფში სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალურ ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.
აღსანიშნავია, რომ პაპილომა ვირუსის ვაქცინა არ არის პროფილაქტიკური. ინფიცირების შემთხვევაში ვაქცინას არ ექნება სამკურნალო ფუნქცია. ვაქცინაციას პრევენციული დანიშნულება აქვს.
HPV ძირითადად სქესობრივი კონტაქტის გზით გადაეცემა და ადამიანთა უმეტესობა სქესობრივი აქტივობის დაწყებიდან ძალიან მოკლე დროში ინფიცირდება.