კინოცენტრი უნდა დარჩეს დამოუკიდებელი, მას უნდა მართავდნენ კინოს პროფესიონალები - ნანა ჯორჯაძე

პუბლიკა

11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, კობა ხუბუნაია დანიშნა, რომელმაც გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა კინოცენტრის თანამშრომლების განცხადება, რომლითაც ისინი ცენტრის დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. ეს განცხადება გამოქვეყნებიდან მალევე წაიშალა.

„პუბლიკამ“ რეჟისორს, სცენარისტსა და მსახიობს – ნანა ჯორჯაძეს რამდენიმე შეკითხვით მიმართა – როგორ აფასებს ის დღეს კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს – დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად სამინისტროს კადრის დანიშვნასა და რეორგანიზების დაწყებას:

კინოცენტრი შემოქმედებითი ორგანიზაციაა, ეს ის სივრცეა, სადაც თავისუფალი აზრის დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ აუცილებელია, რომ მისი დამოუკიდებლობა შენარჩუნდეს. კინოცენტრის დირექტორი უნდა იყოს არჩეული კინოს სფეროს წარმომადგენლების მიერ და არა ვინმეს მიერ ერთპიროვნულად დანიშნული. ყოველგვარი მცდელობა  შემოქმედებითი პროცესის გაკონტროლებისა, უდიდეს საფრთხეს უქმნის ქართულ კინოსა და კულტურას“, – თქვა ნანა ჯორჯაძემ სატელეფონო საუბარში.

შემდეგი შეკითხვა იყო – რა საფრთხეებს ხედავს ის მიმდინარე პროცესებში.

დიდი ხანია,  ვხედავ კულტურის დამონებისა და დამოუკიდებელი კინემატოგრაფ საერთოდ მოსპობის საფრთხეს. ძალიან ცუდ დღეშია განათლება, კულტურის სხვადასხვა სფერო. ვინც კი პროფესიონალია, ნიჭიერია, განათლებულია, ყველა გარბის ჩვენი ქვეყნიდან, რადგან საკუთარ ქვეყანაში ვერ ხედავს თავისი ნიჭისა და პოტენციალის გამოყენების საშუალებას. სამწუხაროდ, ნიჭსა და პროფესიონალიზმს ჩვენს ქვეყანაში დაფასება არ აქვს, და ეს არის ტრაგედი“, გვითხრა რეჟისორმა.

მომდევნო შეკითხვაზე – როგორ აფასებდა ის იმ ფაქტს, რომ დღეს კინოცენტრთან შეკრებილ კინემატოგრაფისტებს, რომლებიც ახალ მმართველთან შეხვედრას ითხოვდნენ, დაწესებულების კარი არ გაუღეს – მან გვიპასუხა:

ბუნებრივია, არ გაუღებდნენ კარს. არავისთან არ უნდათ ლაპარაკი. დიალოგზე არ მოდიან და ეს ძალიან სამწუხაროა. როდესაც დიალოგი არ გინდა პროფესიონალებთან, ეს ნიშნავს, რომ ამ ხალხს უყურებ როგორც მონებს, რომლებსაც საკუთარ გადაწყვეტილებას თავს ისე მოახვევ, რომ ახსნაც არ დაგჭირდება.

არ შემოდიან დიალოგში იმიტომ, რომ პროფესიონალების კითხვებზე პასუხი არ აქვთ, რადგან არ იცნობენ სფეროს, არ ესმით შემოქმედებითი პროცესის დამოუკიდებლობის ფასი. არ იციან კულტურისა და განათლების მნიშვნელობა, ან იციან, და სპეციალურად ანგრევენ.

ძალიან საინტერესო იქნება გააჟღერონ, რა არის მათი მიზანი, გეგმა, სტრატეგია. არაფერი არ ვიცით. არაფერს არ გვეუბნებიან. ასე როგორ შეიძლება, რომ არაფერზე არ დაგველაპარაკონ, არც ჩვენი აზრი გაიგონ და არც თავიანთი მოსაზრება გვითხრან. როგორ შეიძლება ასე ჩუმად, დახურულ კარს მიღმა მიიღონ გადაწყვეტილებები და მერე მათი აღსრულება მოითხოვონ.  არაფრად ჩააგდონ ის ხალხი, რომელიც ქმნის ქართულ კინოს და რომლითაც ასე ვამაყობთ“, – თქვა ნანა ჯორჯაძემპუბლიკასთანსატელეფონო ინტერვიუში.


კინოცენტრის თანამშრომელთა ნაწილი და კინოინდუსტრიის წარმომადგენლები ითხოვენ:

  • „კონკურსის გზით  დირექტორის დანიშვნამდე შეწყდეს რეორგანიზაციის პროცესი;
  • კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს კონკურსის საფუძველზე და არა  ერთპიროვნულად;
  • დირექტორის შესარჩევი კომისია  დაკომპლექტდეს სექტორის წარმომადგენლებისგან; მივმართავთ საზოგადოებას, ხელმოწერით დაადასტუროთ, თუ კი მხარს უჭერთ ჩვენ ამ მოთხოვნას“.