„მოვდივართ ჭიათურიდან“ - 16:00 საათზე მაღაროელები პარლამენტის წინ აქციას გამართავენ

პუბლიკა

„მოვდივართ ჭიათურიდან“ – დღეს, 16:00 საათზე, ჭიათურელი მაღაროელები პარლამენტის წინ აქციას გამართავენ.

ორგანიზატორების განცხადებით, შესაძლოა, 40-მდე მაღაროელმა საკანონმდებლო ორგანოსთან შიმშილობა დაიწყოს. მათი შეფასებით, დამამცირებელია კომპანიის განცხადება, ხელფასის 5%-იან ზრდასთან დაკავშირებით.

„დამამცირებელია კომპანიის განცხადება, ხელფასის მხოლოდ 5%-ით გაზრდის შესახებ. ამიტომ მივმართავთ პროტესტის რადიკალურ ფორმას. ასევე, დღეს გავემგზავრებით დედაქალაქში და იქ გაგრძელდება აქცია“, – ამბობს ერთ-ერთი მაღაროელი.


„ხელფასის 40%-იანი მატება, ძველი სამუშაო გრაფიკის დაბრუნება, ტექნიკის განახლება, ბიულეტენით სარგებლობის უფლება, შრომის უსაფრთხოების გაკონტროლება“, – ამ და სხვა მოთხოვნებით ჭიათურის 3 000-ზე მეტი მაღაროელი უკვე მე-14 დღეა საპროტესტო აქციებს მართავს. 10 მათგანი კი მე-8 დღეა შიმშილობს. ისინი საკვების მიღებაზე უარს აცხადებენ.

გუშინ, პროტესტის მონაწილე ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, გარდა ამისა, ერთ მაღაროელს პირი აქვს ამოკერილი.

„ჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებს, დასაქმებულთა მოთხოვნის შესაბამისად, მუშაობა ძველი სამუშაო გრაფიკით განაახლოს და მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაზარდოს თანამშრომელთა ხელფასებიც.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადებით, „მანგანეზი“ დასაქმებულებს პირველ ეტაპზე ხელფასის 5%-იან ზრდას სთავაზობს, ასევე „ჯორჯიან მანგანეზი” მზად არის დამოუკიდებელმა აუდიტორმა შეაფასოს ჭიათურის მადნის კონცენტრატის საპროგნოზო, საგეგმო თვითღირებულება.