გუკა რჩეულიშვილი დაკავებულია

პუბლიკა

„ცენტრ პოინტის” ერთ-ერთ დამფუძნებელი გუკა რჩეულიშვილი დაკავებულია.

მას დღეს მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გუკა რჩეულიშვილს 25 თებერვალს გამოცემული შემაკავებელი ორდერით 30 დღით აეკრძალა მეუღლესთან რაიმე ფორმით, მათ შორის სატელეფონო ან სხვა რაიმე ტექნიკური საშუალების გამოყენებით კომუნიკაცია. მიუხედავად აღნიშნულისა, რჩეულიშვილმა 8 მარტს ღამის საათებში მეუღლეს ადგილსამყოფელის დადგენისა და შეხვედრის ორგანიზების მიზნით, მოკლეტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები გაუგზავნა, რითაც  დაარღვია შემაკავებელი  ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები.

უწყება განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით დაბარებულმა რჩეულიშვილმა 11 მარტს, პოლიციის განყოფილებაში „მოთეთრო ფერის ქაღალდში შეხვეული, ასევე თეთრი ფერის ფხვიერი მასა წარადგინა, რომელიც მისი განმარტებით იყო ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და რომლის  ნაწილიც მან  მოიხმარა”.

„აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით (260-ე მუხლის პირველი ნაწილით) დაიწყო”, – აცხადებს პროკურატურა.