ლორთქიფანიძე: ალბათ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებაა, რომ ეროვნული მუზეუმის ხედვა შესრულდეს

პუბლიკა

დავით ლორთქიფანიძეს ეროვნული მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე ვადა 4 წლით გაუხანგრძლივეს. ინფორმაცია, ბრძანებაზე დაყრდნობით პირველმა ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა.

„პუბლიკა“ დავით ლორთქიფანიძეს დაუკავშირდა. მან დაადასტურა ინფორმაცია და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოებას მომავალი 4 წლის გეგმას წარუდგენს.

ცნობილია, რომ კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი დავით ლორთქიფანიძის მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი. მინისტრად დანიშვნიდან მალევე არაერთი ცვლილება განახორციელა მუზეუმის დებულებაში, რის შემდეგაც ლორთქიფანიძეს უფლებები შეეზღუდა. წულუკიანი ლორთქიფანიძის მისამართით არაერთ ბრალდებას აჟღერებდა – „გამოშიგნული მუზეუმი“, „დაკარგული ექსპონატები“ „ მძიმე დარღვევები“.

პუბლიკა: ამ ბრალდებებიდან ერთი წლის თავზე მსგავსი გადაწყვეტილება მოსალოდნელი არ იყო, როგორ მოხდა თქვენი დირექტორობის ვადის გახანგრძლივებაზე გადაწყვეტილების მიღება?

ლორთქიფანიძე: ეს ალბათ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებაა, რომ ის ხედვა, რომელიც ჩვენ გვქონდა, რომელიც ეროვნულ მუზეუმს ჰქონდა უნდა გაგრძელდეს. მე მგონი ეს ამის ნიშანია. მე პროგრამა უნდა მოვამზადო, თვითონ ბრძანებაში წერია, რომ 4-წლიანი პროგრამა უნდა გავაცნო სამინისტროს და ეს დამალული არ იქნება. ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ ნახოს. ეს ამბავი დღევანდელია, მე ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ეროვნული მუზეუმის ხედვა, ის, რაც არის ჩვენი პრინციპები, ყველანაირად ვეცდებით, რომ გაგრძელდეს. პირველ რიგში, ეს უნდა იყოს მაღალი ავტორიტეტის სამეცნიერო დაწესებულება“.

კითხვაზე: როგორ იზრუნებს იმ მეცნიერების მხარდაჭერაზე, რომლებსაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუზეუმთან დაკავშირებულ პროტესტში თანამონაწილეობს გამო სამეცნიერო საქმიანობის განხორციელება ეზღუდებათ, ვერ იღებენ არქეოლოგიური გათხრებისთვის ნებართვებს და ვერც სამეცნიერო კვლევებისთვის საჭირო საქმისთვის შედიან მუზეუმში, გვიპასუხა:

„მე ერთი შემიძლია ვთქვა, ყოველთვის მხარს ვუჭერდი, დავუჭერ პროფესიულ საქმიანობას. მხარს დავუჭერ, როგორც ახალ სამეცნიერო პროექტებს, ასევე იმ გათხრებს, რომლებსაც აქვს მეცნიერული მნიშვნელობა. გათხრების ლიცენზიებს ეროვნული მუზეუმი არ გასცემს, ეს სააგენტოს პრეროგატივაა“.

შეკითხვას – როგორ აისახება მისი დირექტორობა მუზეუმის თანამშრომლების პროფესიულ საქმიანობაზე და რა იქნება მომავალი 4 წლის გეგმა – ის ჯერჯერობით არ პასუხობს.

„ყველაფერი საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი“, – ამბობს ლორთქიფანიძე.