„კომპანიის მიზანი განზრახ დაბნეულობის შემოტანაა“ - რას ემსახურება „მანგანეზის“ განცხადება

პუბლიკა

„რაც არის ჩვენი მოთხოვნა, ძალიან კარგად იციან. ჩვენ მაღაროს მართვა არ მოგვითხოვია“, – ასე ეხმაურებიან გაფიცული მაღაროელები „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებას და ამბობენ, რომ ის 14 პუნქტი, რომლის შესრულებასაც კომპანიისგან მოითხოვენ, მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის მატებას ეხება.

მაღაროელების თქმით, კომპანიის განცხადება სიცრუეზეა აგებული:

„როგორც თვითონ აწყობდათ, ისე აკინძეს და გააკეთეს განცხადება, რომ თითქოს მაღაროელებს უნდა გადმოეცეთ მაღარო სამართავად. ჩვენ აქ ვინც ვართ, მხოლოდ მაღაროს თანამშრომლები არ ვართ, ზოგადად, სამთოელები ვართ და დამხმარე საწარმოს თანამშრომლები. ასე რომ აცხადებენ, მარტო მაღარო გადაეცეთო, ცოტა უხერხული ხომ არ არის, კიდევ ხომ არ ცდილობთ, ჩვენი ერთობა გატეხოთ და დაგვაშალოთ? ამას ნამდვილად ვერ ეღირსებით. ჩვენი მოთხოვნა ზოგადად იყო ის, რომ სახელმწიფოს გადაეცეს სამართავად“, – ამბობს მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე.

„მათ სჭირდებათ ადამიანი ან ადამიანები, ვისზეც ხელს შეიწმენდენ. ჩვენი მიზანი არ არის თანამდებობები, სკამზე ჯდომა და ფულის შოვნა. ჩვენ, წესიერი ადამიანები დავბრუნდებით ისევ იმ სამუშაო ადგილებზე, რაც ვიცით და რისი პროფესიონალებიც ვართ. ჩვენი შრომითი ანაზღაურება უნდა იყოს ღირსეული, ეს არის ჩვენი მოთხოვნა და არა ის, რომ ბიზნესი ვმართოთ“, – ამბობს მერაბ სარალიძე.

„ჩვენი მოთხოვნა არ ყოფილა, რომ „ჯორჯიან მანგანეზს“ სათავეები გადაეცა მუშათა კლასისთვის. რაც არის ჩვენი მოთხოვნა, ძალიან კარგად იციან ის 14 პუნქტი და ვითხოვთ ამ პუნქტების შესრულებას. არავის არ სჭირდება არც კომპანიის ხელში ჩაგდება და არაფერი. დროულად მიიღონ გადაწყვეტილება და ნუ მიიყვანენ ყველაფერს პიკამდე“, – ამბობს ერთ-ერთი მაღაროელი.

გუშინ, „ჯორჯიან მანგანეზის“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანია მზადაა, შეასრულოს გაფიცული მაღაროელების ერთ-ერთი მოთხოვნა და „თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსენსუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს“.

კომპანიის თქმით, ეს გადაწყვეტილება „კრიზისული სიტუაციის მოსაგვარებლად“ და პროტესტის რადიკალური ფორმის შეწყვეტის მიზნით მიიღეს.

„პუბლიკა“ ეცადა „ჯორჯიან მანგანეზთან“ დეტალების გარკვევას, თუმცა ამ ეტაპზე კომპანია დამატებით განმარტებაზე უარს ამბობს. მათი თქმით, მოლაპარაკებები გრძელდება და განცხადება მათი მხრიდან ისევ გაკეთდება.

ვის მიერ შეიქმნა პეტიცია და რას ემსახურება?

„მიეცეთ მაღაროელებს მართვის უფლება“ – ამ მოთხოვნით  გამოქვეყნდა  19 ივნისს, manifest.ge-ზე პეტიცია, რომლის ავტორია საინიციატივო ჯგუფი – „ერთად ჭიათურისათვის“.

პეტიციაში მითითებული განმარტების მიხედვით, საინიციატივო ჯგუფი – „ერთად ჭიათურისათვის“ ჭიათურელმა ახალგაზრდებმა დააარსეს, ქალაქში არსებული პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით, შემდეგ კი ამ პრობლემების გადაჭრისათვის შესაბამისი გზების მოსაძიებლად.

როგორც „პუბლიკას“ წყარო უყვება, ამ ჯგუფის დამფუძნებელი მარიამ დოღაძეა, რომლის განცხადებებიც „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებებთან თანხვედრაშია.

17 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „რეალური სივრცეში“ ჩართვისას  მარიამ დოღაძემ თქვა, რომ საინიციატივო ჯგუფი მაღაროელებს სოლიდარობას უცხადებს. მისივე თქმით, აუცილებელია, კომპანიაში შევიდეს დამოუკიდებელი აუდიტი, რომელიც „ფინანსურ აღწერას აწარმოებს, შემდეგ კი ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას, ნამდვილად დგას თუ არა კომპანია ამ საჭიროებების წინაშე; ნამდვილად არის თუ არა კრიზისი“.

მეორე დღეს, 18 ივნისს, „ჯორჯიან მანგანეზმა“ განცხადება გაავრცელა და დასაქმებულებს პირველ ეტაპზე ხელფასის 5%-იანი ზრდა შესთავაზა. გარდა ამისა, კომპანიამ დაწერა, რომ მზად არიან, დამოუკიდებელმა აუდიტორმა შეაფასოს ჭიათურის მადნის კონცენტრატის საპროგნოზო, საგეგმო თვითღირებულება. „მანგანეზის” დირექტორმა 19 ივნისს გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კომპანია მზად არის, „დამოუკიდებელი აუდიტორი იქნას მოწვეული, შეისწავლოს კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, აქვს თუ არა რესურსი, რომ დამატებით კიდევ 15%-ით გაუზარდოს თანამშრომლებს ხელფასი“.

სოციალურ ქსელში აქტივისტები ეჭვს გამოთქვამენ, რომ, როგორც გარემოებები ადასტურებს, საინიციატივო ჯგუფი „ერთად ჭიათურისათვის“ „ჯორჯიან მანგანეზთან“ არის დაკავშირებული.

საინიციატივო ჯგუფი 2022 წლის დეკემბერში შეიქმნა და სამუშაო ოფისი „ჯორჯიან მანგანეზის“ შენობაში, კომპანიის მიერ დაფუძნებულ და დაფინანსებულ „ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში“ აქვს. ყოფილი ტრესტის შენობა, დეკანოზიშვილების ქუჩა N1 – ეს მისამართი აერთიანებს ამ სამ სუბიექტს – საინიციატივო ჯგუფს, „ჯორჯიან მანგანეზსა“ და „ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრს“.

ამ გარემოებებიდან გამომდინარე, აქტივისტებს უჩნდებათ ეჭვი, რომ საინიციატივო ჯგუფის – „ერთად ჭიათურიასთვის“ – ამგვარი პეტიცია, რომელიც მაღაროელთა მოთხოვნას ეწინააღმდეგება, „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ არის ორგანიზებული.

„პუბლიკა“ ცდილობს მარიამ დოღაძესთან დაკავშირებას. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

საკითხს მოგვიანებით გამოეხმაურა საინიციატივო ჯგუფი „ერთად ჭიათურისათვის“. განცხადებაში წერია, რომ ინფორმაცია ჯგუფისა და „ჯორჯიან მანგანეზის“ კავშირთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.

მათივე შეფასებით, მსგავსი განცხადებები მიზნად ისახავს საინიციატივო ჯგუფისთვის ზიანის მიყენებას და ხელს უწყობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

პეტიციის შექმნის მოტივაციასთან დაკავშირებით გაეცანით მათ განცხადებას.

რამდენად რეალურია მაღაროების მაღაროელებისთვის გადაცემა?

2017 წლის ივნისიდან „ჯორჯიან მანგანეზს“ სპეციალური სახელმწიფო მმართველი ერთპიროვნულად მართავს. ის გარემოს დაცვის სამინისტროს მოთხოვნით და სასამართლოს გადაწყვეტილებით არის დანიშნული. როგორც მოძრაობა „ხმის“ წევრი ვაკო ნაცვლიშვილი Facebook-პოსტში წერს, „ჯორჯიან მანგანეზს“ კიდევ ორი წლით მართავს დროებითი სპეციალური მმართველი და შესაბამისად, მაღაროელებისთვის მაღაროების მართვის გადაცემა შეუძლებელია.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (EMC) სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, სალომე შუბლაძე „პუბლიკასთან“ საუბრისას ამბობს, რომ კომპანიის მიერ გავრცელებული გუშინდელი განცხადება ბუნდოვანია და დამატებით განმარტებებს საჭიროებს. მისივე თქმით, მაღაროელთა ინტერესი მართვის სადავეების მოპოვება არ არის.

„კომპანიის განცხადება, არის ძალიან გაურკვეველი და ბუნდოვანი. ჩემთვის ისიც არ არის ნათელი, რა იგულისხმება მართვის გადაცემაში. სულ ერთი წინადადებით იყო ჩამოყალიბებული ძალიან კომპლექსური საკითხი. ვსაუბრობთ საკმაოდ მნიშვნელოვან პრობლემაზე და ეს ერთი წინადადება ქმნის დაბნეულობას. ვფიქრობ, განზრახ არის გაკეთებული საიმისოდ, რომ შექმნან ილუზია და საზოგადოებას შეექმნას განწყობა, თითქოს მაღაროელების მოთხოვნები კმაყოფილდება, თუმცა საგულისხმო ის არის, რომ მაღაროელების მოთხოვნებში მსგავსი რამ არ წერია. ამას მოითხოვენ ჩვენთვის გაურკვეველი ჯგუფები, რომლებიც არ ვიცით, ვინ არიან და რა მოტივები ამოძრავებთ.

მე მეჩვენება, რომ ეს მართვაში გადაცემა, რასაც კომპანია სთავაზობს დასაქმებულებს, ერთპიროვნულ მართვაში გადაცემას არ გულისხმობს და უფრო მენეჯმენტში მონაწილეობის შეთავაზებაა, მაგრამ ეს არ არის მაღაროელების ინტერესი“, – ამბობს სალომე შუბლაძე.

მისივე თქმით, „ჯორჯიან მანგანეზს“ აქამდეც ჰქონდა მაღაროელებზე პასუხისმგებლობის განაწილების მცდელობა.

„18 ივნისს, როდესაც მედიაციის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა, იქაც იყო მსგავსი შეთავაზება. კომპანიამ დაწერა, რომ მაღაროელებს სთავაზობდა კომისიის შექმნას, რომელშიც გაერთიანდებოდნენ დამსაქმებელი, დასაქმებული, პროფკავშირები და სხვა და ერთად ემსჯელათ პრობლემის მოგვარების გზებზე. მცდელობები იმისა, რომ მაღაროელებზე განაწილდეს პასუხისმგებლობა აქამდეც იყო და ვფიქრობ, გუშინდელი განცხადებაც ამის გაგრძელებაა და არის განზრახ დაბნეულობის შემოტანის მცდელობა“, – ამბობს სალომე შუბლაძე.