კავკასიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სტრუქტურა, მისი ზოგადი და სამომავლო მიზნები და ამოცანები – დღეს, 26 ივნისს კავკასიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარდგენა გაიმართა.
ინსტიტუტი 2022 წლის აგვისტოში ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული 40 თანამშრომლის მიერ დაარსდა.
როგორც კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ნიკოლოზ წიქარიძე „პუბლიკასთან“ ამბობს, ამ ინსტიტუტის სახით წარმოდგენილია მოდელი, თუ როგორი უნდა იყოს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი და რა პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს ის. ის ხაზს უსვამს, რომ ინსტიტუტი თანამშრომლობაზე დაფუძნებულ დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება.
„მთავარი მიზანი ინსტიტუტის დაარსებისა არის ის, რომ ის კვლევები, რომლებიც მიმდინარეობდა გაგრძელდეს, ასევე არ დაიკარგოს კოლაბორაცია იმ მეცნიერებს შორის, რომლებიც დარჩნენ ან გათავისუფლებული არიან.
ჩვენ შევქმენით შრომის თვალსაზრისით უფრო მოქნილი მოდელი, რომელიც ეფუძნება დემოკრატიულ პრინციპებს. ყველაფერი არჩევითია, ყველა ერთმანეთთან თანამშრომლობს. სტრუქტურა არ არის მკაცრად იერარქიული, სტრუქტურაში არსებული სხვადასხვა ერთეული სიტუაციიდან გამომდინარე იმოქმედებს და ისინი განსაზღვრავენ, ვინ განახორციელებს კონკრეტულ ქმედებებს. ადმინისტრაცია, სამეცნიერო საბჭო თანამშრომლობის პრინციპზეა აგებული და ერთმანეთს უწევს ანგარიშს. რა თქმა უნდა, დემოკრატიის მაღალი გამჭვირვალობის შესანარჩუნებლად მაკონტროლებელი ორი ორგანოც არის და პლუს საერთო კრება არსებობს, რომელიც ხშირ შემთხვევაში სხვა დაწესებულებებში არ არის ხოლმე. სწორედ საერთო კრება განსაზღვრავს ინსტიტუტის ძირითად პოლიტიკას“, – ამბობს წიქარიძე.
ნიკოლოზ წიქარიძის თქმით, ინსტიტუტი მიისწრაფვის მკვლევართა და მეცნიერთა კეთილდღეობის, მაღალი სამეცნიერო პროდუქტიულობის, თაობათაშორისი გამოცდილების გაზიარების და სოლიდარობის ხელშეწყობისა და გაძლიერებისაკენ.
„ჩვენი მიზანია, რომ ინსტიტუტი იყოს მოქნილი და ამავდროულად ხელს უწყობდეს პროექტების განხორციელებას და თანხვედრას თაობათაშორისი თანამშრომლობის საფუძველზე. ჩვენ მაღალი კოლაბორაციის პრინციპებს დავეფუძნეთ. კიდევ მნიშვნელოვანია კვლევითი საქმიანობის თავისუფლება, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელობის ხელში და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეცდებით, რომ მაქსიმალური თავისუფლება მიენიჭოს წევრებს და მათ შეძლონ კვლევების მარტივად ჩატარება
სამეცნიერო საბჭოს ფუნქცია სწორედ ის არის, რომ ხელი შეუწყოს, მაგრამ პირდაპირ არ ჩაერიოს ავტორების კომპეტენციაში. შეიძლება რჩევა გასცეს, მაგრამ შინაარსობრივი ჩარევა კვლევების მიმართულებით არ მოხდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ინსტიტუტი ყველასთვის ღიაა, ვინც მხარი დაგვიჭირა ან გვიჭერს, ვინც ჩვენს მხარეს არის ამ ბრძოლაში. ჩვენი ბრძოლა ის არის, რომ კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროში დემოკრატიულმა პრინციპებმა გაიმარჯვოს და უფრო მოქნილი ეროვნული პოლიტიკა არსებობდეს ამ სფეროებში.
რამდენიმე პროექტი უკვე განვახორციელეთ და იმედი გვაქვს, რომ კიდევ განვახორციელებთ. ახლა რაც გვაქვს პრობლემა, არის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელიც ნაწილობრივ შევავსეთ, მაგრამ მაინც მწირია ამ პროექტებისთვის. ამიტომ დონორებსაც ვეძებთ, რომლებიც ხელს შეუწყობენ ინსტიტუტის განვითარებას“, – ამბობს ნიკოლოზ წიქარიძე.
კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მინისტრის თანამდებობის დაკავების შემდეგ კულტურის სამინისტროსა და მის ქვეუწყებებში რეორგანიზაცია დაიწყო, რის შედეგადაც რამდენიმე ათეული დასაქმებული სამსახურიდან გათავისუფლდა. სამინისტროს მიერ გამოცხადებულ რეორგანიზაციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა პროტესტი მოჰყვა.
ყველაზე რეზონანსული ეროვნული მუზეუმიდან მეცნიერებისა და სხვა დასაქმებულების გათავისუფლება იყო.
ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულები აცხადებენ, რომ კვალიფიკაციის დამდგენმა კომისიამ გასაუბრება პროფესიული ნიშნით არ ჩაატარა. კომისიას წულუკიანის წარმომადგენელი – ხელოვნების მუზეუმის დირექტორი, ნიკა ახალბედაშვილი ხელმძღვანელობდა, შეკითხვები კი ძირითადად დასაქმებულების პოლიტიკურ გემოვნებასა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსებს შეეხებოდა.
ეროვნულ მუზეუმში ნიკა ახალბედაშვილის დანიშვნის შემდეგ „რეორგანიზაციის” სახელით 20-მდე თანამშრომელი გათავისუფლდა. გათავისუფლებულთა მიერ ახალი მენეჯმენტის გადაწყვეტილებები განსხვავებული მოსაზრებების გამო დევნად შეფასდა.
სამსახურიდან გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებები გასაჩივრდა სასამართლოში. ეროვნული მუზეუმის რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა თეა წულუკიანს სასამართლო დავა მოუგო.