არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, საქართველოს მთავრობამ, 20 წლის განმავლობაში პირველად, უარი თქვა „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის” ანტიკორუფციული ქსელის (OECD/ACN) მონიტორინგში მონაწილეობაზე. ამასთან, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მონიტორინგს არ დათანხმდა, განსხვავებით: უკრაინის, მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და მონღოლეთისგან.
ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს სტამბოლის სამოქმედო გეგმის (IAP) ფარგლებში დაწყებული მონიტორინგის პროცესს და გააგრძელოს თანამშრომლობა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელთან (OECD/ACN).
OECD/ACN-ის მონიტორინგის მიზანია, ქვეყნის ანტიკორუფციული გარემოს ძირეული შეფასება, გამოწვევების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა. მონიტორინგი 2003 წლიდან სტამბოლის სამოქმედო გეგმის (IAP) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და წევრი ქვეყნების მიერ გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის (UNCAC), სხვა საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მუდმივ მონიტორინგს გულისხმობს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მონიტორინგის მე-5 რაუნდის ფარგლებში, 2023 წელს უნდა შეფასებულიყო ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორებიცაა:
- ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
- კორუფციის კანონის პრაქტიკაში აღსრულება, მათ შორის თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების სისტემის ფუნქციონირება;
- სასამართლოსა და პროკურატურის სისტემების ფუნქციონირება;
- მაღალი დონის კორუფციული შემთხვევების გამოძიების ეფექტურობა.
„ამ მიმართულებებით ქვეყნის ანტიკორუფციული გარემოს შეფასება და გამოწვევების იდენტიფიცირება, ახლად შექმნილი ანტიკორუფციული ბიუროსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნებოდა, რადგან სწორედ ამ უწყებამ უნდა შეიმუშაოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია, რომელიც ქვეყანას 3 წელია არ აქვს.
საქართველოს მთავრობის მიერ OECD/ACN მონიტორინგში მონაწილეობაზე უარი ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ანტიკორუფციული რეფორმების გატარების დღის წესრიგს. ამ მიმართულებით რეფორმების შეჩერება პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფებასთან, რადგან ანტიკორუფციული რეფორმების გატარება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი ვალდებულებაა.
საყურადღებოა, რომ OECD/ACN-ის მონიტორინგის პროცესი მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ და საქართველოს შემთხვევაში, შესაძლოა, გავლენა იქონიოს კანდიდატის სტატუსის მიღებაზეც. საქართველოს მთავრობას OECD/ACN-ის პროცესის დატოვების გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმაც“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI Georgia)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)