შეიძლება დებატების გახსნა, შეიძლება საკანონმდებლო დონეზეც მოწესრიგდეს საკითხი - ღარიბაშვილი „LGBT-პროპაგანდაზე“

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა და „ლგბტ პროპგანადის“ შესაძლო საკანონმდებლო რეგულირებაც ახსენა.

ეს პასუხი მოჰყვა „გირჩის“ დეპუტატის, ალექსანდრე რაქვიაშვილის შეკითხვას, ხომ არ აპირებს ღარიბაშვილის ხელისუფლება შეცვალოს ე.წ. იდენტობის პოლიტიკა ქვეყანაში.

პრემიერი ჰომოფობიურ და კონსპირაციულ განცხადებებს ოპოზიციონერი დეპუტატების, ხათუნა სამნიძის, თამარ კორძაიას და ხატია დეკანოიძის სიტყვიერი პროტესტის ფონზე აკეთებდა.

„ეს არის საკმაოდ მგრძნობიარე თემა, ამის შესახებ ბევრ ქვეყანაში არაერთი დებატი გაიმართა და დღემდე გრძელდება ეს დებატები. ვთქვი რამდენიმე დღის წინაც და ახლაც გავიმეორებ ამ ტრიბუნიდან, არ მოვერიდები და საერთოდ არ მიმაჩნია უხერხულობად ამ თემაზე საუბარი, პირიქით, მე მიმაჩნია, რომ უნდა გავხსნა დებატები ამ ქვეყანაში, მოვიდა დრო, მომწიფდა დრო, რომ ამ თემაზე გაიხსნას დებატები, რომ ერთხელ და სამუდამოდ ცხადად, მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიცია, რას ვემხრობით, რა არის მისაღები, რა არ არის მისაღები.

ჩემთვის მიუღებელია ბაღებში, სკოლებში ეს ელგებეტე პროპაგანდა, ღიად გეუბნებით. მიუღებელია, მეგობრებო, არ შეიძლება. ევროპაში და ამერიკაში იცით თქვენ რა ხდება, ბაღებში შევიდა პროპაგანდა, არ შეიძლება, კატასტროფაა ეს. ბაღებსა და სკოლებში მიმდინარეობს პროპაგანდა. ეს არის მიუღებელი.

ასევე ამორალური იყო კამპანია, რომელიც აწარმოა „მაკდონალდსმა“ და თქვა, რომ იყო გლობალური კამპანიის ნაწილი. რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენს ქვეყანაში ეს უნდა იყოს ტაბუდადებული თემა. ამაზე შეიძლება გაიხსნას დებატები პარლამენტშიც, მათ შორის, შეიძლება საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდეს საკითხი, მაგრამ, რა თქმა უნდა, დებატების გახსნა და კონსესუსის მიღება [საჭიროა]“, – განაცხადა მან.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ოცნებამ“ 2014 წელს მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რადგან ვიზალიბერალიზაციის პროცესს ვალდებულებად ახლდა თან.

„პარალელურად მე გამოვედი ინიციატივით და ვთქვი, რომ ჩვენი ინიციატივით ქორწინების დეფინიცია მოხდებოდა კონსტიტუციის დონეზე, რომ დაგვეზღვია ყველა შესაძლო შემდგომი რისკი. მაგალითად, თამარ კორძაია რომ გახდეს პრემიერი, შესაძლოა, მას მოეთხოვა ქორწინების დეფინიციის გაუქმება ან პროპაგანდის დაშვება სკოლებში და ბაღებში, ისე განერვულდა, ალბათ, ემხრობა ამ იდეას… განისაზღვრა ქორწინების დეფინიცია კონსტიტუციაში… მოკლედ, ჩემი პოზიცია გითხარით, მე მიმაჩნია, რომ ეს საკითხები საჭიროებს ფართო დებატებს, უნდა გაიხსნას ღია დებატები და მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ ეს პოზიცია“, – განაცხადა მან.

ღარიბაშვილის თქმით, მიუღებელია „როგორი კამპანია დაწყეს მაკდონალდში.

„ასევე მიუღებელია ერთ-ერთი გამომცემლობის წიგნში, ვფიქრობ, სულაკაურის გამომცემლობა იყო, საგანგაშო იყო ფაქტი, ამაზე საზოგადოების რეაქცია იყო მკვეთრი და მძაფრი და ამას სჭირდება დარეგულირება, ვინაიდან ეს საკითხები დაისვა ღიად, ხელისუფლებას მოგვიწევს გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენი ტრადიციების შესაბამისად, ჩვენი მოსახლეობის 90% მხარს უჭერს ოჯახის ღირებულებებს, შეიძლება, მეტიც, ქრისტიანულ ფასეულობებს, ტრადიციებს. ამ თემებს ვერ შეეხებით, ვერც თამარ კორძაია და 100 თამარ კორძაია რომ იყოს პარლამენტში და მადლობა ღმერთს, ვერ იქნება ვერასდროს მათთნაირად მოაზროვნე ადამიანები, იმიტომ, რომ ჩვენი ხალხი არ აირჩევს, ხატია დეკანოიძეც ალბათ იქ არის“, – ამბობს ის.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საჭირო არაა ანტიდისკრამინაციული კანონი გაუქმდეს.

„ეს კანონი ერთ-ერთი კრიტერიუმი, მთავარი ვალდებულება იყო იმისთვის, რომ ქვეყანას მიეღო უვიზო რეჟიმი. პირიქით, ჩვენ ამით ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ვართ ცივილიზებული  საზოგადოება, ტოლერანტული საზოგადოება, ასე ვიყავით ოდითგანვე, მაგრამ არის საკითხები, რომელიც მიუღებელია ასევე ჩვენი კულტურისთვის, რელიგიისთვის, რწმენისთვის. ამას სჭირდება გამიჯვნა. ჩვენ ვერ დავაკავშირებთ რაღაც კანონს ღირებულებებთან. განათლების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი და ჩვენი ხელისუფლების იქნება, რომ დავიცვათ ამ მავნებელი პროპაგანდისგან ბაღები და სკოლები“, – განაცხადა მან.

„გირჩს“ საკანონმდებლო ინიციატივა აქვს, რომლის მიზანია, საქართველოს საკანონმდებლო სივრცდიან გაქრეს ტერმინი გენდერი. ისინი ამბობენ, რომ მხოლოდ ორი სქესის არსებობის სჯერათ და ტერმინ გენდერის გამოყენება ბუნდოვანებას აჩენს კანონმდებლობაში.

მათი პოზიციით, იმისათვის რომ ტერმინი გენდერი ამოღებულ იქნას საკანონმდებლო ბაზიდან, საჭიროა ძალადაკარგულად გამოცხადდეს გენდერის შესახებ კანონი და დისკრმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონი და ცვლილებები შევიდეს იმ კანონებში სადაც ,,გენდერი’’ არის ნახსენები.

„გირჩის“ დეპუტატების შეკითხვები შეეხებოდა იმას, ხომ არ აპირებს მთავრობა, გადახედოს იდენტობის პოლიტიკას და ანტიდისკრიმინაციულ კანონს, ასევე როგორ უყურებს პრემიერი გენდერის საკითხს.