ხარაგაულში მეწყერში მოყოლილი კაცი გარდაცვლილი იპოვეს

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარელისში ფერდობიდან ცენტრალურ სარკინიგზო ლიანდაგზე ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარელისში ფერდობიდან ცენტრალური სარკინიგზო ლიანდაგზე ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, მეხანძრე-მაშველების მიერ ნაპოვნი იქნა მამაკაცის ცხედარი. მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მოქალაქის საძიებო სამუშაოები დღისა და ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი, საფრენი აპარატი დრონით აღჭურვილი კოორდინაციის სპეციალისტები, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების კინოლოგი, მაშველი ძაღლით და კრიმინალური პოლიცია”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

მეწყერმა კაცი 2 ივლისს მოიყოლა. 2 ივლისს საქართველოს რკინიგზამ ყველა რეისი გააუქმა. რკინიგზის დღევანდელ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერისაგან ლიანდაგები სრულად გაიწმინდა და რეისები 3 ივლისს, 17:00 საათიდან განახლდება.

„დღის მეორე ნახევარში შესრულდება შემდეგი რეისები: მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები: #804 თბილისი-ბათუმი 17:05 #807 ბათუმი-თბილისი 17:15 #801 ბათუმი-თბილისი 18:20 #812 თბილისი-ბათუმი 0:35 #811 ბათუმი-თბილისი 0:45 #869 ზუგდიდი-თბილისი 17:25 #874 თბილისი-ფოთი 17:30″, – აღნიშნულია რკინიგზის განცხადებაში.