საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო მორიგ ჰომოფობიურ განცხადებას ავრცელებს და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ კანონის მიღება ე.წ. ლგბტ პროპაგანდის დასარეგულირებლად მიზანშეწონილად მიაჩნიათ.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არავის არასოდეს არ მოუწოდებენ ძალადობისკენ.
საპატრიარქოში ამბობენ, რომ საქართველოში მოქმედ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა ერთობლივი პოზიცია და განცხადებაა, რომ „ამას არ შეეგუებიან“.
„ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გავაცხადოთ: ჩვენი საზოგადოება ამას ვერ შეეგუება, არ არის მზად და არც არასდროს დადგება მსგავსი მზაობა. ეს საკითხი განსაკუთრებით უქმნის საფრთხეს სამოქალაქო მშვიდობას და იწვევს უკიდურეს პოლარიზაციას, ამიტომ მისი საკანონმდებლო წესით დარეგულირება მიზანშეწონილად მიგვაჩნია.
ამ ადგილიდან (მეტეხის ტაძრის ეზოდან) კარგად ჩანს ჩვენი სამოქალაქო კულტურის შტრიხები, რომლებიც სრულიად განსხვავებული რელიგიებისა და კულტურის მქონე ხალხის მიერ საუკუნეების განმავლობაში საერთო სახელმწიფოს მშენებლობისა და თანაცხოვრების უნიკალური მაგალითია“, – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ განცხადების შემდეგ საპატრიარქოს გვერდზე ცალკე გამოქვეყნდა, ასევე, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს განცხადება.
„შესაბამისად, ჩვენი ვალია დავიცვათ საზოგადოება და მომავალი თაობები ამგვარი უმსგავსოებისა და გარყვნილებისგან, რაც ადამიანის ამქვეყნად მოვლენის არსს სრულებით ეწინააღმდეგება და რომლის გამოც ხვალ გამჩენის წინაშე განვიკითხებით, “- წერია განცხადებაში.
„პუბლიკა“ ემიჯნება ჰომოფობიურ და სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს.