მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს კანონდამრღვევები და აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია - აშშ-ის საელჩო

პუბლიკა

„დღეს თბილისი პრაიდი იძულებული გახდა, გაეუქმებინა დაგეგმილი დახურული ღონისძიება, რადგან უმართავმა ხალხის მასამ, რომელიც ძალადობით იმუქრებოდა, დამსწრეებს მშვიდობიანი შეკრების შესახებ კონსტიტუციით დაცული უფლება წაართვა“,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გვრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებები. ძალადობა, დაშინება ან მუქარა განსხვავებული შეხედულებების გასაჩუმებლად არის არადემოკრატიული და ეწინააღმდეგება საქართველოს ტოლერანტობის, თანაგრძნობისა და პლურალიზმის ისტორიას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია“,- ნათქვამია განცხადებაში.

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით დღეს დაგეგმილი ფესტივალი ჩაიშალა, პოლიციამ ორგანიზატორები ლისის მიმდებარე ტერიტორიიდან სამარშრუტო ტაქსებითა და ყვითელი ავტობუსებით გაიყვანა. „პრაიდში“ ამბობენ, რომ პოლიციამ ვერ შეძლო ტერიტორიის დაცვა.

ორგანიზატორები ფესტივალის წინა დღეებში ამბობდნენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ღონისძიების დაცვის გარანტია მიიღეს. ლისის ტბასთან, ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია იყო მობილიზებული, მაგრამ სამართალდამცველების მიერ გაკეთებულმა მცირე კორდონმა აგრესიულ ჯგუფებს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია, რის შემდეგაც ამ ჯგუფებმა ფესტივალის ტერიტორიამდე მიაღწიეს, პრაიდის ორგანიზატორები კი შსს-მ გაიყვანა.