„გირჩს“ ანტიდისკრიმინაციული და გენდერული თანასწორობის კანონების გაუქმების ინიციატივა აქვს

პუბლიკა

საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა, „გირჩმა“ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ანტიდისკრიმინაციული და გენდერული თანასწორობის შესახებ კანონების გაუქმებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიზანი საკანონმდებლო სივრციდან ტერმინ „გენდერის“ გაქრობაა.

ამისთვის „გირჩი“ პარლამენტს სთავაზობს, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გენდერული თანასწორობის შესახებ“, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონები, ცვლილებები შევიდეს 6 სხვადასხვა კანონში და ამოღებულ იქნას ტერმინი გენდერი, მათ შორისაა „მაუწყებლობის შესახებ კანონის“, პარლამენტის რეგლამენტის, „საჯარო სამსახურის შესახებ კანონის“, სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები, რომლებშიც სხვადასხვა ნიშნით, მათ შორის, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობაზეა საუბარი.

„ჩვენ გვჯერა, რომ არსებობს მხოლო ორი სქესი, რომლის განსხვავება ბიოლოგიურად არის დეტერმინირებული, ქრომოსომების მეშვეობით. ტერმინი გენდერი კი, ამის საწინააღმდეგოდ, იმგვარია, რომ მისი ნებისმიერი გამოყენება ბუნდოვანებას აჩენს კანონმდებლობაში. ეს, პირველ რიგში, განპირობებული იმით, რომ არ არსებობს გენდერის მესამე პირის მიერ დადგენადი განმასხვავებელი დამახასიათებლები. შეუძლებელია, რომ მესამე პირმა დაადგინოს, თუ რა „იდენტობის“ მატარებელია ის ადამიანი, ვინც სამყაროს „იდენტობის“ პრიზმით უყურებს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ამ ტერმინს მოიცვას, არის ბუნდოვანი და პრაქტიკაში მისი აღსრულება შეუძლებელია“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

„გირჩი“ ამბობს, რომ „არსებობს უამრავი მაგალითი იმისა, თუ რა დამაზიანებელი შეიძლება იყოს ამ გარემოებების უგულებელყოფა და „იდენტობის“ პოლიტიკის პრაქტიკაში რეალიზების მცდელობები.“

ისინი ასეთ მაგალითად ასახელებენ იმას, რომ: „ამერიკაში სპორტის რიგ სახეობაში, ნებართვა მიეცა კაცებს მიიღონ მონაწილეობა ქალების ტურნირებში მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ისინი საკუთარ თავს „ქალებად აიდენტიფიცირებდნენ“. შედეგად, ცურვაში და კიდევ რამდენიმე სპორტულ დისციპლინაში, ქალად გამოცხადებული კაცების დომინირება დაფიქსირდა, რას ამ დისციპლინების პროფანაცია და განადგურება მოსდევს.“

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში გენდერის არსებული განმარტებით: „ვერავინ გაიგებს რამეს, თუ რა არის გენდერი ან თუ როგორ შეიძლება მისი იდენტიფიკაცია, გარდა იმისა, რომ სიტყვაზე ენდო იმ ადამიანს, რომელიც საკუთარ თავს ამა თუ იმ სქესს ან არსებას აიდიტინფიცირებს.“

აქვე აღნიშნულია, რომ გენდერი სქესთანაა გათანაბრებული, რაც შეუსაბამოა ამ ტერმინის საყოველთაოდ მიღებნულ განმარტებასთან, „მეორე მხრივ კი, თუ გენდერი და სქესი ერთი და იგივეა, მითუმეტეს არ არსებობს საფუძველი, თუ რატომ უნდა იყოს ტერმინი „გენდერი“  კანონმდებლობაში გამოყენებული.“

რაც შეეხება ანტიდისკრიმინაციულ კანონს, განმარტებითი ბარათის მიხედვით, პირველი მუხლით დაცულია გენდერული იდენტობა და გამოხატვა.

„გენდერული იდენტობაში იგულისხმება ის თუ, როგორ აიდენტიფიცირებს ბიოლოგიურად მდედრობითი და მამრობითი ადამიანი თავს. ქალი შეიძლება იყოს ბიოლოგიურად მამაკაცი და პირიქით. ამ კანონმდებლობით ჩვენ ვაღიარებთ რომ ადამიანის გენდერული იდენტობა შეიძლება განსხვავდებოდეს იმ სქესისგან, რომელიც მას დაბადებისას მიენიჭა. თუმცა აღსანიშნავია, რომ „გენდერული იდენტობა“ თანამედროვე განმარტებით შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე ათეულ „იდენტობას“ და არა მხოლოდ „ქალს“ და „კაცს“.

შეიძლება, ამგვარი არეულობა იმით არის განპირობებული, რომ ჩვენს საზოგადოებაში ტერმინი ,,სქესი’’ და ,,გენდერი’’ ხშირად ურთიერთშემნაცვლებელი ტერმინებია, რის გამოც ადამიანების დიდი ნაწილისთვის გენდერი გაიგივებულია ბიოლოგიურად მამრობით და მდედრობით სქესსთან.

ეს გარემოება კი სათანადო თემებსა თუ პრობლემებზე საზოგადოებრივი დისკუსიის სიმწირით შეიძლება აიხსნას. ფაქტობრივად, აღნიშნული კანონმდებლობა ვითომ „კარგი დასავლური პრაქტიკის“ კოპირების მიზნით, ჩვენი მოსახლეობისთვის გაუგებარი და ბევრ შემთხვევაში სამართლიანად მიუღებელი წესრიგის ძალით დანერგვის მცდელობა. ეს კი ამ ნორმების ბუნდოვანებასთან და პრაქტიკაში აღსრულების შეუძლებლობასთან ერთად, ადამიანებს შორის კონფლიქტების ზრდასა და გაძლიერებას უწყობს ხელს“, – აღნიშნულია განმარტებთ ბარათში.

კანონპროექტი ბიუროს 11 ივლისს წარედგინა და განსახილველად კომიტეტს გადაეცა.

ბიუროს სხდომაზე პარლამენტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ ინიციატივა „სრული მავნებლობა და არასწორი ინტერპრეტაციაა“. მისი თქმით, კანონმდებლობით, გენდერული თანასწორობა განისაზღვრება, როგორც ქალებს და კაცებს შორის თანასწორობა.

„გირჩმა“ 30 ივნისს ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, ხომ არ იფიქრებს ხელისუფლება იდენტობის პოლიტიკის გადახედვაზე და ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებაზე.

ღარიბაშვილმა ამ შეკითხვაზე პასუხად ჰომოფობიური განცხადება გააკეთა და „LGBT პროპაგანდის“ საკანონმდებლო რეგულირების შესაძლებლობაზე ისაუბრა. მანვე აღნიშნა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი უვიზო რეჟიმის ვალდებულება იყო და მისი გაუქმების აუცილებლობას ვერ ხედავს.