წულუკიანი რეორგანიზაციას არასასურველი კადრების გათავისუფლების შესანიღბად იყენებს - ანგარიში

პუბლიკა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით გამოაქვეყნა ანგარიში – „კულტურის სამინისტროს ახალი საკადრო პოლიტიკა და შრომითი დავების ანალიზი“, რომელიც მომზადებულია საიას წარმოებაში არსებულ საქმეებზე დაყრდნობით.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ კულტურის სფეროში გატარებულმა ცვლილებებმა და რეორგანიზაციამ აჩვენა, რომ გადაწყვეტილებების მიზანი კულტურისა და მეცნიერების სფეროს კონტროლი და ცენზურაა.

ანგარიშში განხილული საქმეების ანალიზით დგინდება, რომ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებიდან არასასურველი დასაქმებულების ჩამოშორება ხდება შრომის კანონმდებლობის სრული უგულებელყოფით და მათ უფლებებში უხეში ჩარევით.

თეა წულუკიანმა მინისტრად დანიშვნის შემდეგ სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში რეორგანიზაცია დაიწყო.

„შედეგად, მრავალი დასაქმებული გათავისუფლდა დაკავებული პოზიციებიდან როგორც უშუალოდ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან, ისე სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული უწყებებიდან. პროცესმა არა მხოლოდ ხელმძღვანელობისთვის არასასურველი კადრების ჩამოშორების სახე მიიღო, არამედ ასევე აჩვენა, რომ ამ გადაწყვეტილებების მიზანი კულტურის სფეროს კონტროლი და ცენზურაა.“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

ორგანიზაცია, წერს რომ წულუკიანი გათავისუფლებული თუ ჩამოქვეითებული თანამშრომლების დასაშინებლად მანიპულაციურ ბერკეტებს იყენებს, რათა მათ სასამართლო დავებისგან თავი შეიკავონ.

„კერძოდ, ორგანიზებულ წინააღმდეგობაში ჩართვის შემდეგ დასაქმებულების ნაწილი ჯერ სხვა პოზიციებზე გადაიყვანეს (დააქვეითეს), ხოლო, როდესაც მათ ეს ცვლილება გაასაჩივრეს, ახალი პოზიციიდანაც გაათავისუფლეს – უმეტესად, რეორგანიზაციის საფუძვლით.“

რეორგანიზაცია, როგორც თანამშრომელთა გათავისუფლების „მოჩვენებითი” საფუძველი

საია წერს, რომ მათ წარმოებაში არსებულ საქმეების მაგალითზე გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ წულუკიანის მიერ საჯარო დაწესებულებებში გამოცხადებული რეორგანიზაციის მიზანი არასასურველი კადრების გათავისუფლება იყო და რეორგანიზაციას ამის შესანიღბად იყენებს.

„თითოეულ შემთხვევაში რეორგანიზაცია განხორციელდა არა საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე კანონმდებლობით დადგენილი წესით, არამედ არასასურველი კადრების გათავისუფლების შესანიღბად. იმ დაწესებულებებში, საიდანაც საიას დაცვის ქვეშ მყოფი პირები გათავისუფლდნენ, კადრების ოპტიმიზაციის მიზნით შეფუთული რეორგანიზაციის შემდგომ არაერთი კონკურსი გამოცხადდა და უწყებებში ახალი კადრები დაინიშნნენ. არ არსებობს რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლებების კანონიერად მიჩნევის წინაპირობები, არამედ ისინი დაეფუძნა პირად შეხედულებებს ან/და სხვადასხვა ნიშნით გამოხატულ დისკრიმინაციას.“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში დაწესებულებებში შეიქმნა საკონკურსო კომისიები, რომლებსაც გასაუბრების საფუძველზე უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება, რომელ დასაქმებულთან გაგრძელდებოდა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა.

„კანონმდებლობის საპირისპიროდ, გასაუბრებაზე დასმული შეკითხვები მიმართული იყო კონკრეტული დასაქმებულის შეხედულებებსა და ქმედებებთან, რომლებიც არ უკავშირდებოდა სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებას ან ხარისხს. შემფასებელი კომისიის წევრთა უმრავლესობას დარგობრივად არავითარი შეხება არ ჰქონდა კულტურასა და მეცნიერებასთან.“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშის გასაცნობად მიჰყევით ბმულს.