კომიტეტმა სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

პუბლიკა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, დავით სერგეენკოს პარლამენტში სხდომები „არასაპატიო მიზეზებით აქვს გაცდენილი”, რის გამოც დღის წესრიგში დადგა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.

„პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყდება, თუ იგი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომის ნახევარზე მეტს. საქართველოს პარლამენტის 2023 წლის მორიგი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში სულ 32 სხდომა ჩატარდა, აქედან საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით სერგეენკოს მიერ გაცდენილ იქნა 25 სხდომა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, თუ პარლამენტის წევრი სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრო, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მორიგი სესიის დასრულებიდან ათი დღის ვადაში გაცდენის მიზეზს გამოიკვლევს და არასაპატიო მიზეზის შემთხვევაში, შესაბამის დასკვნას ამზადებს. კომიტეტმა და პარლამენტის აპარატმა გაიარა ყველა შესაბამისი პროცედურა, გამოიკვლია მასალა და დავით სერგეენკოს 32 სხდომიდან 25 არასაპატიო მიზეზით აქვს გაცდენილი“, – ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.

აღნიშნული გადაწყვეტილება დასკვნის სახით პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება და საკითხი მორიგი საშემოდგომო სხდომის დღის წესრიგში შევა.