კინორეჟისორს პოლიტიკა თუ არ აინტერესებს, მაშინ არც არაფერი აინტერესებს - ნუცა ალექსი-მესხიშვილი

პუბლიკა

ხელოვანს და კერძოდ კინორეჟისორს, პოლიტიკა თუ არ აინტერესებს, მაშინ არც არაფერი აინტერესებს საერთოდ. ამ შემთხვევაში პოლიტიკა იგივე ცხოვრებაა. უფრთხილდით „აპოლიტიკურ” ხელოვანებს”, – ამის შესახებ facebook-ზე რეჟიროსი ნუცა ალექსი-მესხიშვილი წერს.

ის რეჟისორ უტა ბერიას მსგავსად ეხმაურება კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას, სადაც მინისტრმა კინოხელოვანებში არა კინოს, არამედ პოლიტიკის ინტერესზე გაამახვილა ყურადღება.

„2021- 22 წლებში, როდესაც დირექტორი იყო გაგა ჩხეიძე, ორჯერ ვიყავი კომისიაში, დაბალბიუჯეტიანი და დებიუტის ფილმების. ასევე ორჯერ მქონდა შეტანილი ჩემი პროექტი სრულმეტრაჟიანი ფილმის დაფინანსების კონკურსში. კომისიაში ყოფნისას გავიცანი არაჩვეულებვრივად საინტერესო ადამიანები – ჟიურის წევრები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არავის კინოცენტრის მხრიდან არანაირი სურვილი, მითითება ან მინიშნებაც კი არ გამოუთქვამს არჩევანის გაკეთების თაობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ყველამ ჩვენს ხედვებზე, გემოვნებაზე და პრინციპებზე დაყრდნობით მივიღეთ გადაწყვეტილება.

თუ კი საიდანმე იყო ზეწოლა, ეს იყო სწორედ „ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან დაახლოებული რეჟისორების და პროდიუსერების მხრიდან და კონკურსის მთელი ჟიური გაგვხადეს სრულიად უსამართლო და მდაბიო კრიტიკის და თავდასხმის ობიექტებად.

ჩემი პროექტის შეტანის დროს, ბევრი ჩემი მეგობარი და ახლობელი იყო ჟიურიშიც და ჟიურის თავმჯდომარეც კი. ჩემმა პროექტმა ვერც ერთხელ ვერ მიიღო დაფინანსება.

ასე, რომ კინოცენტრს შეიძლება ბევრის სიახლე სჭირდებოდა შიგნიდან, მაგრამ არა სამინისტროს მხრიდან ნეპოტიზმთან ბრძოლა და ფილმების შინაარსის და ჰეფი ენდების კონტროლი.

ვერსად ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ ეს ხდება 2023 წელს, რუსეთის უკრიანაზე თავდასხმის ეპოქაში, მაშინ, როდესაც რუსეთში ხელოვნება მთლიანად დამორჩილებულია ხელისუფლებას.

პარალელების გავლება და სამყაროს პოლიტიკურ ჭრილში დანახვაც ხელოვანის და კინორეჟისორის საქმეა.

ერთადერთი, რაც ხელისუფლებას მოეთხოვება, ეს არის პრიორიტეტების სწორად დანახვა და დაფინანსების გაზრდა კინოსთვის.

სრული მხარდაჭერა კინოცენტრიდან განთავისუფლებულ ადამიანებს.
ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია!”, – წერს რეჟისორი.