საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო წერს, რომ 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE-ის“ შემოსვლა იგეგმება.
როგორც ცნობილია, გემი კრუიზს რუსეთიდან, ქალაქ სოჭიდან იწყებს. სააგენტოში ამბობენ, რომ საკრუიზო გემს თურქული კომპანია „Miray Cruises International” ემსახურება.
სააგენტოს ცნობით, გემის – „ASTORIA GRANDE“ შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია „Goodwin Shipping Limited-ის“ სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.
„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში აწარმოებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება“, – ამბობენ სააგენტოში.
სოჭსა და ბათუმს შორის საზღვაო გადაზიდვების შესახებ ინფორმაცია წლის დასაწყისში გავრცელდა რუსული მედიის მიერ, მაგრამ ქართული მხარე ამ ინფორმაციას არ ადასტურებდა.