მოქალაქე მარიამ ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ წევრებისგან სიცოცხლის მოსპობის მუქარა მიიღო. ჩხეიძემ შსს-ს საჯაროდ მიმართა და საზოგადოებისგან დახმარებაც მოითხოვა.
როგორც მარიამ ჩხეიძე „პუბლიკას“ ეუბნება, საჯარო მუქარა TikTok-ის ვიდეოს კომენტარებში მიიღო. ვიდეო „ალტ-ინფოს“ საბანკო ანგარიშების დაბლოკვას შეეხება.
ჩხეიძის მიერ მოწოდებულ „სქრინშოტში“ ჩანს, რომ მომხმარებელი სახელით „კავკასიელი“ მას აგინებს, უხამსად მიმართავს და სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.
მარიამ ჩხეიძის თქმით, ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერებისა და წევრების მხრიდან მუქარის შემცველ შეტყობინებებს, დაახლოებით, ერთი წელია, იღებს.
როგორც ის „პუბლიკას“ უყვება, ყველაფერი დაიწყო „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთ Telegram-არხზე კომენტარებში კამათით, რის შემდეგაც, ჩხეიძის თქმით, შეტყობინებებში უხამსი ფოტოსურათები მიიღო.
„მოვედი პოლიციაში, დავწერე განცხადება და მითხრეს, რომ ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევააო“, – ამბობს ის.
მარიამ ჩხეიძე გამოთქვამს ეჭვს, რომ ამის უკან „ალტ-ინფოს“ არხის, „მსოფლიო პოლიტიკის“ ერთ-ერთი ადმინისტრატორი არსენ ფოფხაძე იდგა. მისი თქმით, შსს-ში „სქრინშოტებიც“ წარადგინა. ჩხეიძე ამბობს, რომ არ იცის, მოჰყვა თუ არა უწყების მხრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად შეფასებულ ფაქტს რამე რეაგირება.
კიდევ ერთი შემთხვევა, რომელსაც ჩხეიძე იხსენებს, ამ წლის მაისში მოხდა. ტელეგრამზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა მის ყველა გამომწერს პორნოგრაფიის შემცველი ყალბი ფოტომასალა გაუგზავნა.
„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებიდან პასუხის მიღებსითანავე მასალა განახლდება.
განახლება: მარიამ ჩხეიძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაუკავშირდნენ და ორშაბათს გამოკითხვაზე დაიბარეს.