კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის გამო სფეროში შექმნილ პრობლემებზე აუტიზმის კოალიცია განცხადებას აქვეყნებს

პუბლიკა

ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის გამო სფეროში შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით აუტიზმის კოალიცია გაცხადებას აქვეყნებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი,  „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რაბილიტაციის ქვეპროგრამის ფარგლებში გაცდენილი სეანსები ანაზღაურდება ეტაპობრივად, თერაპიული სეანსების აღდგენის შესაბამისად“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის მერიის მოცემული პოზიცია  500-მდე ქცევით თერაპევტს და პროგრამაში ჩართულ სხვა სპეციალისტებს ერთი თვის ან მეტი დროის მანძილზე ანაზღაურების გარეშე ტოვებს, რაც მათი საარსებო მინიმუმის გარეშე დატოვების ტოლფასია.

აქვე ვკითხულობთ, რომ აღნიშნული განცხადება, ერთი მხრივ დისკრიმინაციული და მოქალაქეების უფლებების უგულებელყოფაზეა მიმართული, ხოლო მეორე მხრივ, აუტიზმის მქონე ბავშვებთან მუშაობის სპეციფიკის, ასევე  ცენტრების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაზე მიუთითებს; და რაც მთავარია, შესასრულებლად არარეალისტურია შემდეგი მიზეზების გამო:

  • 2020 წლის 13 მარტის ქ. თბილისის მერიის განცხადებაში ნათქვამია, რომ სარეაბილიტაციო ცენტრების მიერ მომსახურების განახლების შემდეგ, ყველა გაცდენილი საათი ანაზღაურდება. აღნიშნული დაპირება არარეალისტურია, რადგან ამ ეტაპისთვის, არ არის ცნობილი რამდენი საათის ანაზღაურება მოუწევთ ცენტრებს. მაგალითად, წინასწარი გათვლებით, თუ ორგანიზაციები 2 თვით დაიკეტება (რისი ალბათობაც დიდია) 100 ბავშვის შემთხვევაში, საჭირო იქნება კვირაში 160 დამატებითი თერაპიული საათის ჩატარება, რაც ფიზიკური (სივრცობრივი) და ადამიანური რესურსის გათვალისწინებით, შეუძლებელია. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ აგვისტოს თვეში ცენტრებს და შესაბამისად თანამშრომლებს, ისედაც უწევთ იძულებითი უხელფასო შვებულების აღება, რადგან აგვისტოში ბავშვები ოჯახებს გაყავთ ქალაქიდან, შესაბამისად ამ პერიოდში ცენტრები ვერ ფუნქციონირებენ.

გასათვალისწინებელია, რომ გაცდენილი საათების ანაზღაურებას სჭირდება:

 

  1. დამატებითი ადამიანური რესურსი, სწორედ მათი საშულებით უნდა მოხდეს გაცდენილი საათების ანაზღაურება (და სწორედ მათ „ვწირავთ“ უსახსრობაზე, არ ვუფრთხილდებით მათ ღირსებას და ვაყენებთ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში);
  2. ინფრასტრუქტურა, სადაც უნდა მოხდეს გაცდენილი დამატებითი საათების ჩატარება, ხოლო ცენტრების ინფრასტრუქტურა გათვლილია სესიების/საათების ლიმიტირებულ რაოდენობაზე;
  3. ასანაზღაურებელი დამატებით საათების ჩატარდება არ უნდა მოხდეს ისედაც მოწყვლადი ჯგუფის, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხარჯზე და ასევე, მათთან მომუშავე თერაპევტების ემოციური გადაწვისა და ფიზიკური გამოფიტვის ხარჯზე;
  • აუტიზმის ქვეპროგრამის მიმწოდებელ ცენტრებში დასაქმებული თანამშრომლები არიან მხოლოდ აღნიშნულ ქვეპროგრამაში დაკავებული და მათი შრომის ანაზღაურება ვერ მოხდება სხვა სახელმწიფო პროგრამების ხარჯზე, როგორც ამას გვთავაზობს თბილისის მერიის 13 მარტის განცხადება (ისევე როგორც სხვა პროგრამაში დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურება ვერ მოხდება აუტიზმის პროგრამის ხარჯზე);
  • მსოფლიოში / ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აღნიშნული ცენტრები ვერ ახორციელებენ ე.წ „კერძო მომსახურებას“ (რომლის წილი ისედაც დაბალია), იგივე მიზეზით, რატომაც ვერ ხორციელდება აუტიზმის ქვეპროგრამა და სხვა საგანმანათლებლო, სარეაბილიტაციო თუ სოციალური პროგრამები; შესაბამისად, მერიის 13 მარტის განცხადებაში შემოთავაზებული ეს რეკომენდაცია არარელევანტურია;
  • აუტიზმის ცენტრებს არ გააჩნიათ დანაზოგი, რადგან მერიის აუტიზმის  ქვეპროგრამის ფარგლებში არამატერიალური ვაუჩერი, ითვალისწინებს იმ მომსახურების დაფარვას, რომელიც უშუალოდ ბავშვს მიეწოდება, კერძოდ ფარავს მხოლოდ თანამშრომლების ხელფასებს, ბავშვებთან სამუშაო მასალას და ჰიგიენურ ნივთებს. აქვე გასათვალისწინებელია, რომ გამოყოფილი თანხები, ანაზღაურებს თანამშრომლების მინიმალურ ხელფასს. ე.წ. „კერძო მომსახურებიდან“ შემოსული თანხები გათვალისწინებულია იჯარის ნაწილის, კომუნალური გადასახადების, შენობის ამორტიზაციის და ადმინისტრაციის ხელფასებზე, ასევე, კადრის პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე, ვინაიდან მერიის ვაუჩერი არ მოიცავს მომსახურების ხარისხის შენარჩუნება/გაუმჯობესებისთვის საჭირო თანხებს, – ნათქვამია განცხადებაში.