უცხოური კლინიკების ჩამონათვალი, სადაც საქართველოდან ონკოპაციენტი ბავშვები იმკურნალებენ

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, სახელმწიფომ საფუძველი ჩაუყარა ისტორიულ პროექტს, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვისთვის ხარისხიან ჯანდაცვას უზრუნველყოფს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს „სოლიდარობის ფონდსა“ და პარტნიორ კლინიკებს შორის ხელშეკრულებები დღეს გაფორმდა. პროექტის ფარგლებში, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები, მკურნალობას ისრაელში, ესპანეთში, თურქეთსა და საქართველოში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით შეძლებენ.

პროგრამის პარტნიორი კლინიკებია: თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“, ესპანეთის „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრი“ და „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრი.“

„2022 წლის ბოლოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის, სასიცოცხლო მნიშვნელობის ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფის მიზნით, უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა – ბავშვებისთვის ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა მკაფიოდ აისახა სამთავრობო პოლიტიკასა და გრძელვადიან სტრატეგიაში, რაც გულისხმობს ქვეყნის ფარგლებში, უმოკლეს ვადებში, ხელმისაწვდომი გახდეს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების სრული სპექტრი. ამისთვის, იგეგმება თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის მოწყობა, რისთვისაც ვთანამშრომლობთ მრავალწლიანი გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის მქონე საერთაშორისო პარტნიორებთან. დაწყებულია აქტიური მუშაობა გამოცდილი ექსპერტების რეკომენდაციით გადაიდგა უკვე ქმედითი ნაბიჯები, სახელმწიფოს ბაზაზე, მულტიპროფილური კლინიკის შესაქმნელად“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე – პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე.