NGO-ების შეფასებით, დეოლოგარქიზაციისა და დეპოლარიზაციის მოთხოვნა ჯერ კიდევ შესასრულებელია

პუბლიკა

„ღია საზოგადოების ფონდი“ 9 საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ერთად  რეგულარულად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის 12 პირობის შესრულების მდგომარეობას.

დღეს გამოქვეყნდა რიგით მეხუთე შეფასების დოკუმენტი – სტატუსმეტრი, რომელიც 2023 წლის 20 ივნისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში არსებულ მდგომარეობას ასახავს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, მოცემულ პერიოდში, სრულად არის შესრულებული ერთი პირობა; მეტწილად შესრულებულია ორი პირობა; ნაწილობრივ შესრულებულია შვიდი პირობა და ჯერ კიდევ შესასრულებელია ევროკავშირის ორი პირობა (დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია).

დეპოლარიზაცია

აღნიშნულ რეკომენდაციეასთან დაკავშირებით, ევროკავშირის მოლოდინებია: პარლამენტის ეფექტიანი ზედამხედველობის უზრუნველყოფა; მწვავე რიტორიკის დასრულება; პოლიტიკური შეთანხმებების, მათ შორის ევროკავშირის მედიაციით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმების პატივისცემა.

ორგანიზაციების შეფასებით, კვლავ გამოწვევად რჩება ის, რომ:

  • არ გატარებულა რეფორმები საარჩევნო ბარიერთან და ძალაუფლების განაწილებასთან დაკავშირებით;
  • ისევ პრობლემად რჩება სააკაშვილის საქმე;
  • გრძელდება პოლიტიზებული მართლმსაჯულება;
  • პოლიტიკური პროცესები 2024 წლის არჩევნების წინ მეტად პოლარიზებული ხდება;
  • იზრდება პოლარიზაციის გამომწვევი რიტორიკა;
  • პოლარიზაციის გაღრმავებას ხელს უწყობს სააკაშვილის არათანმიმდევრული განცხადებები, მისი ჯერ მხოლოდ უკრაინის პოლიტიკაში მონაწილეობის და ახლახან საქართველოს პოლიტიკაში აქტიურად ჩართვის შესახებ;
  • საპარლამენტო დანიშვნებზე, სადაც მაღალი კვორუმია საჭირო, შეთანხმების პოლიტიკური ნება არ არსებობს. ცალკეულ შემთხვევებში კი, “ქართული ოცნება” ცალმხრივად, საპარლამენტო ოპოზიციასთან თანამშრომლობის გარეშე იღებს კანონმდებლობას, რომელიც მაღალ კვორუმს ხელისუფლების სასარგებლოდ უბრალო უმრავლესობამდე სწევს და შესაბამისად, იგნორირებას უკეთებს საპარლამენტო დანიშვნებში ოპოზიციისა და პრეზიდენტის მონაწილეობას;
  • „ქართული ოცნების“ მიერ სასამართლოსთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის ხელის შეშლამ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის პოლარიზაცია უფრო გააღრმავა;
  • საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობისთვის ხელის შემშლელი კანონების მიღება პოლარიზაციას უფრო გააღრმავებს;
  • 19 აპრილის “ შარლ მიშელის შეთანხმების” სულისკვეთება არ არის გათვალისწინებული და “ქართული ოცნება” შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

დეოლიგარქიზაცია

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი მიღებულია ორი მოსმენით და გაეგზავნა ვენეციის კომისიას. ვენეციის კომისიის დასკვნის მიღების შემდეგ, პარლამენტმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებისა და მასში შესაბამისი ცვლილებების შეტანის მიზნით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენაზე დააბრუნა, კანონპროექტში გარკვეული ცვლილებები შეიტანა და კვლავ ვენეციის კომისიას გაუგზავნა შეფასებისთვის;

ვენეციის კომისიის დასკვნით, საჯარო განცხადებების ფონზე, საქართველოს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი შეიცავს დიდ რისკს, რომ მიღების შემდეგ იგი ოპოზიციაზე გავრცელდება;

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ოპოზიციის ნაწილი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგნი არიან, რადგან, კანონით დეოლიგარქიზაციის პრობლემა არ გადაიჭრება, ხოლო აღნიშნული კანონპროექტი მხოლოდ ოპოზიციისა და კრიტიკული მედიის მხარდამჭერებს შეეხება. ასევე, მათი აზრით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის მიღება საჭირო არაა და პრობლემასთან გამკლავება სისტემური მიდგომით და სხვა პრიორიტეტების შესრულებითაა შესაძლებელი.

დეოლიგარქიზაცაისთან დაკავშირებით ორგანიზაციები შემდეგ გამოწვევებს ხედავენ:

  • როგორც „ქართული ოცნება“ აცხადებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მხოლოდ კრიტიკული მედიისა და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებს შეეხება, მაგრამ არ შეეხება ბიძინა ივანიშვილს;
  • ვენეციის კომისიამ კანონპროექტში მნიშვნელოვანი ხარვეზები დაინახა. კომისიის რეკომენდაციით, არსებულ კანონპროექტს, რომელიც პერსონალურ მიდგომას ეფუძნება, სისტემური ტიპის მიდგომა სჯობს, ხოლო პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული;
  • საჭიროა დეოლიგარქიზაციის პრობლემის სისტემური გზით მოგვარება.

„ფაქტობრივად, ორი თვე რჩება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოიყენოს და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პირობა შეასრულოს. საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები აგრძელებენ ხელისუფლების მიერ 12 პირობის შესრულების პროგრესის შეფასებასა და ამ შეფასებების საქართველოს მოქალაქეებისთვის გაზიარებას, რადგან ევროკავშირში გაწევრიანება სწორედ ქართველი ხალხის ურყევი არჩევანია“,- აცხადებენ ორგანიზაციები.