შოვში, სტიქიის ზონაში ვერტმფრენმა სამაშველო სამუშაოები დილამდე შეაჩერა

პუბლიკა

შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო ვერტმფრენმა ევაკუაციის სამუშაოები დილამდე შეაჩერა. ამის შესახებ  „პუბლიკას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. სამუშაოების დროებით შეჩერების მიზეზი დაღამება გახდა. მათივე ცნობით ცოცხალი ძალა მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

შოვში, სტიქიის ზონაში კაცი მეუღლესა და სამ მცირეწლოვან შვილს ეძებს, რომლებიც შოვის კოტეჯებში იმყოფებოდნენ. „მთავარის“ ეთერში კაცი ამბობს, რომ ოჯახს ბოლოს დღის 12-1 საათისკენ ეკონტაქტა, მას შემდეგ კი ვეღარ უკავშირდება და ვერტმფრენის მეშვეობით მათ მოძებნაში დახმარებას ითხოვს.

„მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს ჩარჩენილი. არ ვიცი რა სიტუაციაა და როგორ არიან, მე როგორც ვიცი ორი ვერტმფრენი ჰყავთ, რომლებსაც შეუძლია ღამეც ფრენა, ანუ არ გვინდა ეს სამი მცირეწლოვანი ბავშვი? დაიღუპონ მანდ? ხალხო, ძალიან გთხოვთ რამე ქენით, გამოგზავნეთ ერთი ვერტმფრენი მაინც რომ ვიპოვოთ.“

შსს-ს ცნობით, მაშველებმა სტიქიის ზონაში ორი ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის, მიმდინარეობს გარდაცვლილების ამოყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.