შოვთან ამ დრომდე იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც ახლობლებს ვერ უკავშირდებიან და ეძებენ. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ამ დრომდე მათი ახლობლების შესახებ არაფერი იციან.
ერთ-ერთი მოქალაქე „მთავარ არხთან“ საუბარში ამბობს, რომ მეუღლესა და სამ მცირეწლოვან შვილს ეძებს, რომლებიც შოვის კოტეჯებში იმყოფებოდნენ. კაცი ამბობს, რომ ოჯახს ბოლოს დღის 12-1 საათისკენ ეკონტაქტა, მას შემდეგ კი ვეღარ უკავშირდება:
„მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს ჩარჩენილი. არ ვიცი რა სიტუაციაა და როგორ არიან, მე როგორც ვიცი ორი ვერტმფრენი ჰყავთ, რომლებსაც შეუძლია ღამეც ფრენა, ანუ არ გვინდა ეს სამი მცირეწლოვანი ბავშვი? დაიღუპონ მანდ? ხალხო, ძალიან გთხოვთ რამე ქენით, გამოგზავნეთ ერთი ვერტმფრენი მაინც რომ ვიპოვოთ”,- ამბობს ის.
კიდევ ერთი მოქალაქე „მთავარ არხთან“ საუბრისას ამბობს, რომ პანსიონატ მამისონში, კოტეჯებში მყოფი ნათესავების შესახებ არაფერი იცის.
„პანსიონატი მამისონი, კოტეჯებია, ჩემი და მეგი გუტაშვილი, ძმა გიგი გუტაშვილ, დეიდა შორენა ბიჭაშვილი, დეიდაშვილები კოტიკო მაისურაძე, მარი მაისურაძე, ბიძაშვილი ნატო ჭელიძე და სამი პატარა ბავშვი- ლუკა, დუდაშვილი, ანდრია დუდაშვილი და ანასტასია დუდაშვილი ამ დრომდე არ უპოვიათ… მე როგორც ავყევი ვერტმფრენს და ვნახე, ყველაფერი არის გასწორებული. ერთხელ ამიყვანეს ვერტმფრენით და ვუთხარი, რომ ერთი სტრატეგიული ადგილია სადაც შეიძლება ხალხი გაქცეულიყო, ჩამომსვით, ვიცი, აქ ვარ გაზრდილი, ყველა ქვა და ხე ვიცი, ვუთხარი, რომ მე თვითონ წავალ, ვინმე გამომაყოლეთ, ჩემი ძალებითაც დაგეხმარებით, რომ ვიცოდე სად იყვნენ დაახლოებით ბოლოს. არავინ არ მპასუხობს, შეიძლება ყველა ჩამარხულია, არავინ არ მპასუხობს…“
ის სამძებრო სამუშაოებისთვის ვერტმფრენის გამოყოფასა და ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლების ჩასვლას ითხოვს.
შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო ვერტმფრენმა ევაკუაციის სამუშაოები დილამდე შეაჩერა. ამის შესახებ „პუბლიკას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. სამუშაოების დროებით შეჩერების მიზეზი დაღამება გახდა. მათივე ცნობით ცოცხალი ძალა მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
შსს-ს ცნობით, მაშველებმა სტიქიის ზონაში ორი ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის, მიმდინარეობს გარდაცვლილების ამოყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.