ჩვენი ვარაუდით, 5 მილიონზე მეტი კუბური მეტრი მყარი მასა მოვიდა დინამიკაში - გეოლოგი

პუბლიკა

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის, გეოლოგ მერაბ გაფრინდაშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის განმეორების საფრთხე აღარ არსებობს.

გეოლოგის შეფასებით, სტიქიის დროს რაჭაში 5 მილიონზე მეტი კუბური მეტრი მყარი მასა მოვიდა დინამიკაში.

„მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში ადგილი ჰქონდა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების სინერგიზმს, თანხვედრას. ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე ლოკაციაზე მიმდინარეობს ინტენსიური მყინვარის დნობა. ორი მყინვარია ამ მდინარეების სათავეებში. ამას თან დაერთო უხვი ატმოსფერული ნალექი, რომელმაც დინამიკაში მოიყვანა როგორც ხეობაში არსებული მყარი ნატანი, ასევე ადგილი ჰქონდა ლაპირების გარეცხვას, მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას და ყველაფერი ეს გადაიზარდა ღვარცოფში. შედეგად მივიღეთ ის, რაც თქვენთვის ცნობილია.

დასავლეთ საქართველოში მსგავს სტიქიას ადგილი არასოდეს არ ჰქონია არამარტო ამ ხეობაში, თუ არ ჩავთვლით 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას რაჭა-იმერეთის ზონაში.

ჩვენი ვარაუდით, 5 მილიონზე მეტი კუბური მეტრი მყარი მასა მოვიდა დინამიკაში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გეოლოგები სულ უმოკლეს დროში მივიდნენ სტიქიის ზონაში და ჩაერთნენ სამუშაოებში. ექვსი ჯგუფი არის გასული… დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, მსგავსი მასშტაბის სტიქია მოსალოდნელი აღარ არის… განმეორების საფრთხე არ არსებობს”, – ამბობს მერაბ გაფრინდაშვილი.

შოვში, სტიქიის ზონაში დღეს კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „პუბლიკას“ შსს უდასტურებს.

საერთო ჯამში, ამ დროისთვის სტიქიას შოვში 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შსს-ს ცნობით, სტიქიის ზონაში დილიდან გრძელდება სამაშველო ოპერაცია, რომელშიც ჩართულია შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მეხანძრე მაშველები და მუშაობს 2 ვერტმფრენი.

ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე ამბობს, რომ ბოლო მონაცემებით, 35 ადამიანთან კონტაქტი ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თქმით, იმ ადგილას, სადაც ე.წ. კოტეჯები იყო, აღარაფერია დარჩენილი.

მეწყერი შოვში გუშინ, 3 აგვისტოს „სანსეტ შოვის” მიმდებარედ ჩამოწვა.

შსს მოუწოდებს მოსახლეობას, თუ ფლობენ ინფორმაციას დაკარგული პირების შესახებ, დაუკავშირდნენ აღნიშნულ ნომერზე: 598 913 089