„სამწუხაროდ, დავაზღვიოთ სტიქია და უბედურება შეუძლებელია“ - კახა კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, სტიქიისა და უბედურების დაზღვევა შეუძლებელია.

კალაძე ამბობს, რომ შოვი ყველანაირად განადგურებულია და ღვარცოფითაა დაფარული. მისი თქმით, ყველა უწყება მობილიზებულია და ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს ამ რთულ ვითარებაში.

„პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა ის  უბედურება, რაც მოხდა რაჭაში, კონკრეტულად შოვში. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ შოვი აღარ არსებობს, განადგურებულია ყველანაირად. ალბათ მედიას გქონდათ შესაძლებლობა, გენახათ, რა მასშტაბებზეა საუბარი და რამხელა უბედურება დაატყდა თავს საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეს.

მე მინდა, მადლობა გადავუხადო მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, პოლიციელებს, მადლობა მოხალისეებს, ჩვენს ჯარისკაცებს. მიმდინარეობს გაწმენდითი  სამუშაოები, ტექნიკა მობილიზებულია. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ყველა შესაბამისი სამსახური, უწყება ადგილზეა და კოორდინირებულად მუშაობს. ტექნიკის შეყვანას რაც შეეხება, ეტაპობრივად ხდება, იქიდან გამომდინარე, როდესაც ამის ნებართვას გასცემს სამაშველო სამსახური.

ყველა ჩართულია, ყველა უწყება მობილიზებულია და ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს ამ რთულ ვითარებაში. სტიქიისა და უბედურების აცილება, ნახავდით კადრებსაც, რომ სლოვენიაშიც უდიდესი სტიქია მოხდა, იტალიაშიც რამდენიმე თვის წინ ღვარცოფი, წყალმოვარდნა უდიდესი უბედურება დატრიალდა. სამწუხაროდ, დავაზღვიოთ სტიქია და უბედურება შეუძლებელია. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახებს“, – თქვა კახა კალაძემ.


რაჭაში, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს დაახლოებით 4 საათისთვის სასტუმრო „სანსეტ შოვის” მიმდებარედ ჩამოწვა. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მეწყერს 18 ადამიანი ემსხვერპლა. 20-მდე ადამიანს კი ჯერ კიდევ ეძებენ. შოვში სამძებრო და სამაშველო ოპერაცია გრძელდება.