თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ინფორმაციით, რაჭაში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა შორის რამდენიმე არასრულწლოვანია.
როგორც მან მედიასთან საუბრისას თქვა, გაშლილია საფეხმავლო ხიდი გადასაადგილებლად და მობილიზებულია დაახლოებით 100-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა.
„თავდაცვის ძალებში და ზოგადად, მიმდინარე სამუშაოებში საორგანიზაციო საკითხები დავასრულეთ. მობილიზება გვაქვს გამოცხადებული. ის სრული შემადგენლობა, რაც აღნიშნული სტიქიის აღმოსაფხვრელად გავითვალისწინეთ, უკვე ადგილზეა. გაშლილი გვაქვს საფეხმავლო ხიდი ლამზე გადასაადგილებლად. საჭიროების შემთხვევაში, კიდევ მოვიტანთ ანალოგიურ ხიდებს და გავშლით. აქ მობილიზებულია დაახლოებით 100-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა, რომლებიც მუშაობენ.
კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. დიდი უბედურება ტრიალებს რაჭაში და მთელი საზოგადოება არის ამით შოკირებული. ძალიან ემოციურია აქ ყოფნა. რამდენიმე არასრულწლოვნის ცხედარი ამოვიყვანეთ”, – განაცხადა ბურჭულაძემ.
რაჭაში, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს დაახლოებით 4 საათისთვის სასტუმრო „სანსეტ შოვის” მიმდებარედ ჩამოწვა. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მეწყერს 18 ადამიანი ემსხვერპლა. 20-მდე ადამიანს კი ჯერ კიდევ ეძებენ. შოვში სამძებრო და სამაშველო ოპერაცია გრძელდება.