დავითაშვილი განმარტავს რა სამუშაოები იქნა გაწეული თავისი განცხადების შემდგომ, რომელიც ადრეული გაფრთხილების სისტემას შეეხებოდა

პუბლიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი განმარტავს, რა გაკეთდა გარემოს დაცვის მიმართულებით, 2018 წელს მის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც  „2-3 წელიწადში, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა იქნებოდა.“

„დღეს გავრცელდა ბევრი ინფორმაცია ჩემს განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც 2018 წელს გავაკეთე მესტიაში სტიქიური უბედურების დროს. ვსაუბრობდით, რომ ქვეყანაში შეიქმნებოდა ადრეული გაფრთხილების სისტემა და გვექნებოდა უკეთესი მონიტორინგი ჰიდრო მეტეოროლოგიური პროცესების. ესეც გახდა სპეკულირების საგანი და გადაწყვიტეს, რომ ალბათ, პოლიტიკური ქულები დაეწერათ და სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია მოეხდინათ თემის, რაც ასევე სამწუხაროა. ვფიქრობ, დღევანდელი სიტუაციის შეუსაბამოა. მე, როგორც გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, მოვალედ ვთვლი თავს, საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მივაწოდო, რა სამუშაოები ჩატარდა სახელმწიფოს მხრიდან 2018 წლის შემდეგ გარემოს დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და გაძლიერების კუთხით და რამდენად პირნათელი ვიყავით საზოგადოებასთან.

დავიწყეთ კლიმატის მწვანე ფონდთან ერთად პროგრამა, რომელიც საქართველოში გეოლოგიური საფრთხეების შესწავლას განახორციელებდა, ასევე ქვეყანაში შეიქმნებოდა შესაბამისი სისტემა გეოლოგიური საფრთხეების პრევენციის კუთხით, მაგრამ მსგავსი ტიპის ტრაგედია, რაც შოვში მოხდა, გარდაუვალი იქნებოდა, რაც არ უნდა სისტემები გავაკეთოთ, შეიძლება ტრაგედიები მოხდეს და ამისგან მსოფლიოში დაზღვეული არავინაა. ასეთი ტიპის ტრაგედიებისგან დაცვა შეიძლება ვერ მოვახერხოთ. მოისმინეთ სპეციალისტების განცხადებები, რომ რაც არ უნდა გაფრთხილების სისტემა გვქონოდა, მეწყრულ პროცესებს ვერ შევაჩერებდით და გარდაუვალი შედეგი, ალბათ დადგებოდა“,- განაცხადა დავითაშვილმა.

მისი ინფორმაციით, 2014 წლის მდგომარეობით, ქვეყანაში, ფაქტობრივად სრულად იყო მოშლილი  ჰიდრომეტეოროლოგიური სისტემები და გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყანა საკმაოდ სუსტი იყო.

„ჩვენ 200 თანამედროვე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური შევიძინეთ და დავამონტაჟეთ ქვეყანაში, რომელიც გვაძლევს საშუალებას, დავაკვირდეთ წყლის მატებას, ასევე გვაქვს მეტეოროლოგიური სადგურები, რომლებიც გვაწვდის ამინდის შესახებ ინფორმაციას. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ განვჭვრიტოთ, გარკვეული პროგნოზები გავაკეთოთ და გვქონდეს რეაგირება მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც ათასობით მდინარეა. მაგრამ ეს ყველაფერი ხდება რისკზე დაფუძნებული შეფასების შესაბამისად – გადაწყვეტილებები ეფუძნება მაქსიმალურად სარისკო ადგილებს და ჩვენ შევაფასეთ ასეთი 20 მეწყრული უბანი, სადაც მონიტორინგის განსაკუთრებით მეტი სისტემა გავქვს, მაგრამ შოვში, მაგალითად, ასეთი ანალიზის შესაბამისად, ამ ტიპის პროცესები ადრე არ ფიქსირდებოდა და წარმოუდგენელი იყო გათვლა. ეს არ იყო ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მიმართულება, სადაც გვექნებოდა განსაკუთრებული დაკვირვების უბანი“ – განაცხადა დავითაშვილმა.

დავითაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების ძალისხმევით,  შეძენილია და საქართველოში ფუნქციონირებს სამი თანამედროვე  რადარი, რისთვისაც ათეულობით მილიონის ინვესტიცია განხორციელდა. გარდა ამისა, მინისტრის თქმით, 11 მდინარის აუზში ჩატარებულია ბუნებრივი საფრთხეების კვლევები, რომლის საფუძველზეც არის გაკეთებული რუკები.

„არაერთი სპეციალისტის, წამყვანი გეოლოგების  მიერ გაკეთდა განცხადებები კონკრეტულად შოვის მოვლენებთან დაკავშირებით, რომ აქ, რაც არ უნდა გაფრთხილების სისტემა გვქონოდა, მყისიერად ამ მეწყრულ პროცესებს ვერ შევაჩერებდით, მაგრამ ქვეყანამ, 2018 წლიდან მოყოლებული, ჩაატარა მნიშვნელოვანი სამუშაოები, რომლებიც უკავშირდებოდა მთლიანად გეოლოგიური საფრთხეების შესწავლას. ასე რომ, როდესაც რაღაცას ვამბობთ, იმას ვაკეთებთ და ბევრი რამ გავაკეთეთ ქვეყანაში, მათ შორის ჰიდრომეტეოროლოგიური სისტემების გაძლიერების კუთხით, მაგრამ, სამწუხაროდ, რაც არ უნდა გაკეთდეს, შეიძლება უსუსურები ვიყოთ მსგავსი ტიპის სტიქიური უბედურებების წინაშე და სპეკულირება ასეთი თემებით ყოვლად ამორალურია“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მეხანძრე-მაშველები ონის მუნიციპალიტეტში მეხუთე დღეა სამაშველო ღონისძიებას აწარმოებენ.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბოლო ცნობით, დილიდან მუშაობა განაახლა ორმა ვერტმფრენმა, პოლიციის დანაყოფებმა, კინოლოგთა ჯგუფმა, თავდაცვს და ინფრასტრუქტურის სამინისტროების თანამშრომლებმა. ადგილზე მუშაობს დრონები და სპეცტექნიკა.

მაშველებმა ამ დროისთვის 18 ცხედარი იპოვეს.