პრეზიდენტი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად მივიდა

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად მივიდა.

სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა, რომელშიც გამოეხმაურა ომის მე-15 წლისთავს და რაჭაში მომხდარ ტრაგედიას:

„ახლა მოვდივარ სვეტიცხოვლიდან, სადაც პანაშვიდი იქნა გადახდილი რაჭაში გარდაცვლილი ადამიანებისთვის, მათთვის, ვინც შეიძლება, ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, ლოცვა, რომ, შეიძლება, დაუბრუნდნენ ოჯახებს და ამავდროულად  2008 წლის ომში საქართველოსთვის დაღუპულთათვის.

გაერთიანება ამ ორი ტრაგედიის, რომელიც ორივე აგვისტოში მოხდა, შეიძლება, დამთხვევა არ არის ბოლომდე. ჩვენ გვებრძვის მტერი ხან ომით, ხან რბილით ძალით, რომელიც ამ ბოლო დროს ძალიან ჩანს და რომელსაც სჭირდება ჩვენი ერთიანობა, ასევე განრისხებული ბუნებაც გვებრძვის და იმის წინაშეც გვჭირდება გაერთიანება.

ისეთი განცხადებები ისმის თუ დაწერილი სოციალურ ქსელში, თუ წამოძახილი, რაც დღეს ჩემთვის მიუღებელია და მე დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მიუღებელია ქართველისთვის და საქართველოსთვის.

ჩვენ თუ გვინდა დამოუკიდებლობა, რისთვისაც იბრძოდნენ ადამიანები, რომლებიც აქ განისვენებენ, თუ სახელმწიფო გვინდა, უნდა მოვიდეთ გონს, დავინახოთ, სად არის საერთო საფრთხე და ერთად ვერბძოლოთ საერთო მტერს და არა ერთმანეთს“, – განაცხადა მან.