სასამართლომ კინოთეატრის ონლაინ ბილეთების გაყიდვის ერთი კომპანიისთვის გადაცემის პირობა შეაჩერა - სააგენტო

პუბლიკა

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სასამართლომ კინოთეატრის ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზრის შესახებ სააგენტოს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მათი განმარტებით, სასამართლოს ბრძანებით შეჩერდა შპს „სადისტრიბუციო კომპანიასა“ და შპს „ონლაინ თიქეთსს“ (სამართალმემკვიდრე შპს „თინეთი“) შორის 2022 წლის 31 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოქმედი „ექსკლუზივის“ პირობა.

სააგენტო განმარტავს, რომ „ექსკლუზივის“ პირობით, „სადისტრიბუციო კომპანია“ შპს „თინეთს“, 2 წლის ვადით, ექსკლუზიურად გადასცემდა ქვეყანაში მოქმედი 6 ძირითადი კინოთეატრის ბილეთებს ონლაინ რეალიზაციის მიზნით, და ამავდროულად, იღებდა ვალდებულებას, არ გადაეცა აღნიშნული კინოთეატრის ბილეთები სხვა კომპანიებისათვის, რაც ამავე საქმიანობით დაკავებული სხვა სუბიექტების ბაზრიდან განდევნას იწვევდა.

„შპს „ელ.ბილეთების“ საჩივრის საფუძველზე, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ მიმდინარეობს მოკვლევა – შპს „სადისტრიბუციო კომპანიის“ მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლო დარღვევის ფაქტსა და შპს „სადისტრიბუციო კომპანიის“, შპს „თინეთის“, სს „თიბისი ბანკის“ და TBC Bank Group PLC-ს შესაძლო კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების ფაქტზე.

კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ამ დროისთვის, მოკვლევის 6 საქმეს სწავლობს. 2023 წელს, უწყებამ 2 მოკვლევა დაასრულა და ორივე შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დაადგინა. ამავე პერიოდში, 6 საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.