„უფლებები საქართველოს“ ადვოკატების განცხადების საფუძველზე, თბილისის პროკურატურამ, 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში, მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გოგოს დედა დაზარალებულად ცნო.
გავრცელებული ინფორმაციით, „უფლებები საქართველოს“ ადვოკატების მიმართის საფუძველზე, დღეს, პროკურატურა დაზარალებულს გადასცემს მტკიცებულებების დაზიანების საქმეში არსებულ მასალებს. საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, „უფლებები საქართველო“ შემდგომი დეტალების გასაჯაროებისას იხელმძღვანელებს არასრულწლოვანისა და მისი ოჯახის საუკეთესო ინტერესებით.
„უფლებები საქართველომ“ ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე გამოძიების დაწყება 2023 წლის 5 ივლისს მოითხოვა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ უნდა დადგინდეს, თუ რა გარემოებებში მოხდა საკვანძო მტკიცებულებების შემცველი დალუქული პაკეტის მთლიანობის დარღვევა, რამაც გარდაცვლილის სხეულიდან აღებულ ნივთმტკიცებებზე მოშავო-მონაცრისფრო, ობისმაგვარი დანაშრევებისა და ნადებების წარმოქმნა გამოიწვია.
ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში მტკიცებულებების დაზიანებას თბილისის პროკურატურა იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას, ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფო ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
„უფლებები საქართველო“ 12 წლის გოგოს გარდაცვალებისა და მტკიცებულებების დაზიანების ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.