მიუხედავად იმისა, რომ სანიაღვრე სისტემა მუშაობს, იმდენი ნალექია, რომ ვერ აუდის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქში ძლიერი წვიმის შედეგებზე მედიასთან ისაუბრა.
მოგვიანებით მან, მოადგილესთან და „თბილსერვისის” ხელმძღვანელთან ერთად ინფორმაცია მოსახლეობას facebook-ive-ის მეშვეობით მიაწოდა.
კალაძის თქმით, კონკრეტული სანიაღვრე არხები გადავსებული იყო ნაგვით, რაც წყლის გატარებას აფერხებდა.
„კონკრეტული სანიაღვრე არხები გადავსებული იყო ნაგვით, არ ვიცი, საიდან ამდენი ნაგავი; იყო კონკრეტული სანიაღვრე არხები, რომელიც ჩვეულებრივად ატარებდა… უბრალოდ იმდენად უხვი ნალექი იყო, არ ვიცი, მე არ მახსოვს ბოლო წლების განმავლობაში ასეთი რამ”, – განაცხადა კალაძემ.
„თბილსერვისის” ხელმძღვანელის დავით კაკულიას თქმით, სანიაღვრე არხები ხელით გაიწმინდა. მისი თქმითაც, პრობლემა ნატანი მასალის დაგროვებამ გამოიწვა.
„ბოლო 5 საათია ნალექი არ შეჩერებულა, უხვად მოდის. ქსელი გაწმენდილი იყო, უბრალოდ, როგორც ახსენეთ, ფოთლები, ნაჭრები, რაღაც ნარჩენებით იყო დაფარული, პოლიეთილენის ბოთლები და ცელოფნებიც იყო, და შესაბამისად, იწვევდა დაგუბებას. ხელით გავწმინდეთ, ავხადეთ და სანიაღვრემ გაიტანა, ახლა უბრალოდ დრო სჭირდება, რომ გაიტანოს”, – განაცხადა კაკულიამ.
მერის თქმით, შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ მუშაობას.
დედაქალაქის მერმა მოსახლეობას მოუწოდა, ძლიერი წვიმით გამოწვეული პრობლემების შემთხვევაში დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2722222
გუშინ, 29 აგვისტოს თბილისში მოსულმა ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. დაიტბორა ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები.