რა ბედი ელის კორონავირუსის ფონზე კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შესატან ცვლილებებს, რომელსაც საერთო-სახალხო განხილვა სჭირდება? ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ამდენხნიანი მცდელობის შემდეგ მიღებულ სასურველ შედეგს ასე მარტივად არ დათმობენ და ხელისუფლებას ნებას არ მისცემენ, შესატან ცვლილებებს რამე ფორმით საფრთხე შეექმნას. მმართველი პარტიის ოპონენტები აცხადებენ, რომ საერთო-სახალხო განხილვება დისტანციურად შესაძლებელია.
„მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუცია ითვალისწინებს შეზღუდვას კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის დროს, როდესაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მივიჩნევთ, რომ ეფექტიანად თუ ვიმოქმედებთ ყველა ერთად, საკონსტიტუციო ცვლილებებს საფრთხე არ შეექმნება. საერთო-სახალხო განხილვა შესაძლებელია, იყოს უზრუნველყოფილი თანამედროვე ონლაინ საშუალებებით. როდესაც პარლამენტში მოუწევს პროექტს განხილვა, დაახლოებით, თვე-ნახევრის შემდგე, იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი მოგვარებული იქნება. თუ რაიმე მიზეზის გამო 1-2 კვირით კიდევ გადაიდო ეს პროცესი, ეს უნდა იყოს გონივრული გადადება. თემა, რომელიც ერთი წელია გაგვიჯანჯლდა, აღარ გადაიდება უსაფუძვლოდ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა, რომელმაც ხელისუფლებასა და ყველა პოლიტიკურ ძალას საერთო საფრთხის წინაშე გაერთიანებისკენ მოუწოდა.
„ლელოს“ მსგავსად პარტია „ევროპული საქართველოც“ ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის გადადების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ დგას.
„ბუნებრივია, დღეს არის განსაკუთრებული მდგომარეობა და ამ განსაკუთრებულ მდგომარეობას განსაკუთრებული ზომები სჭირდება, რომლის შესაძლებლობასაც იძლევა დღევანდელი ტექნოლოგია. ამიტომ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად და საჭიროდ ამის გადადება“, – განუცხადა ჟურნალისტებს სერგი კაპანაძემ.
საჭიროების შემთხვევაში, დისტანციური განხილვა მისაღებია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვისაც“.
„ეს სავალდებულო არ არის, ერთი თვის განმავლობაში გაიწელოს. დათქმული არ არის, თუ რამდენ დღეში უნდა დასრულდეს. მათ შორის, თუ იქნება გამოყენებული, აუცილებელ შემთხვევაში, დისტანციური ურთიერთობის ფორმები, რა თქმა უნდა, ესეც მისაღები იქნება იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელშიც დღეს მთელი მსოფლიო იმყოფება ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ საკონსტიტუციო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს და პარტიის წარმომადგენლები კომისიის საქმიანობაშიც ჩაერთვებიან, მაგრამ მონაწილეობას არ მიიღებენ საერთო-სახალხო განხილვაში, სანამ ხელისუფლება, პოლიტიკურ დევნას არ შეწყვეტს და პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება არც ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგს შეუქმნის საფრთხეს და არც მოქალაქეების ჯანმრთელობას.
„დამერწმუნეთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ვირუსთან დაკავშირებული დღევანდელი გამოწვევა არ გახდეს საკონსტიტუციო განხილვის შეფერხების მიზეზი. ამიტომ ვადებში, დაჩქარებულ რეჟიმში, რეგლამენტის მიხედვით, რაც კი შესაძლებელია ჩავატარებთ, მათ შორის, საყოველთაო სახალხო-განხილვებსაც. ვეცდებით, განხილვები ჩავატაროთ დისტანციური ფორმით. ჩვენ ამას მოვახერხებთ, არანაირი პრობლემა არ არის, ამაზე სანერვიულო არავის აქვს და ამასთან დაკავშირებით სპეკულაციების საშუალებას არავის მივცემთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესახებ საერთო-სახალხო განხილვა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განმარტებით, მინიმუმ, ორ რეგიონში მაინც უნდა გაიმართოს. პარლამენტში უნდა შეიქმნას საკონსტიტუციო კომისია, რომელიც საქართველოს მოსახლეობას კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.