საია შუახევი ჰესის მდგომარეობის შესწავლასა და საჭირო ზომების მიღებაზე საუბრობს

პუბლიკა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს შუახევი ჰესის ამჟამინდელი მდგომარეობა და მიიღოს ყველა ზომა, რათა თავიდან იქნას აცილებული ის მძიმე შედეგები, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს ჰესის ამ პირობებში მუშაობას.

ორგანიზაცია ეხმაურება „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტს და აღნიშნავს, რომ ჰესის გახსნიდან დღემდე რამდენჯერმე უკვე დაზიანდა ჰესის სხვადასხვა ნაწილი და ამის მიუხედავად, ის მაინც მუშაობს.

„სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ 2013 წელს გაიცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, შეუახევის და ხულოს ტერიტორიაზე, მდინარე აჭარისწყალზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის (სხალთა ჰესის და შუახევ ჰესის) მშენებლობის ნებართვა. საია უკვე წლებია იცავს იმ ადგილობრივების ინტერესებს სასამართლოში, რომლებმაც დაიწყეს სასამართლოში დავა ჰესის მშენებლობის ნებართვის კანონიერებასთან დაკავშირებით. სწორედ აღნიშნული ნებართვაა გასაჩივრებული სასამართლოში. დავის დაწყებიდან დღემდე გასულია 9 წელი და ჯერ კიდევ არ არის დასრულებული საქმის განხილვა სასამართლოში.

საიას სამართლებრივი პოზიცია ნებართვის უკანონობასთან დაკავშირებით ეფუძნება ნებართვის გაცემის პროცესში როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, ასევე – გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მაღალ რისკებს. ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების დროისათვის არ იყო ჩატარებული ის კვლევები, რომლებიც აუცილებელია მსგავსი საფრთხის შემცველი ობიექტის მშენებლობისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ დავის პროცესშივე, ექსპლუატაციიდან მცირე ხნის გასვლის შემდეგ, ობიექტის ნაწილი ჩამოინგრა.

ამის მიუხედავად, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეების მიერ წარდგენილი დასკვნა, ამასთან, უარი განაცხადა პროცესზე ექსპერტის დაკითხვაზე და საბოლოოდ, 2017 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, თუმცა, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 თვის შემდეგაც არ ჩაბარებია მხარეს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რის გამოც მხარე მოკლებულია შესაძლებლობას დროულად მიმართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს”, – ნათქვამია განცხადებაში.