„შუახევი ჰესის" კაშხლის უსაფრთხოებაზე შეშფოთებას არავითარი საფუძველი არ აქვს - კომპანია

პუბლიკა

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია” ეხმაურება შუახევი ჰესთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას და „სრული პასუხისმგებლობით” აცხადებს, რომ „დიდაჭარის კაშხალი სტრუქტურულად მდგრადია, უსაფრთხოა ექსპლუატაციის მიმართულებით და სრულ შესაბამისობაშია ქართულ და საერთაშორისო სტანდარტებთან“.

„2017 წლის დასაწყისში აგებული [„შუახევი ჰესის“] დიდაჭარის კაშხალი პასუხობს ყველა საერთაშორისო ტექნიკურ მოთხოვნას, ხოლო ყველა კონსტრუქციას, წინასწარ გაწერილი განრიგისა და პროცედურების შესაბამისად, უტარდება რუტინული მომსახურების სამუშაოები.

ბეტონის დიდი კონსტრუქციები აშენებულია კონკრეტული თანმიმდევრობით, ცალკე მდგარი სექციების სახით, სადაც უზრუნველყოფილია სივრცე გაფართოებისა და შეკუმშვის პროცესებისთვის, რომლებიც გამოწვეულია ტემპერატურის ცვალებადობით. დასაშვები ოდენობით,  წყლის მცირე ფილტრაცია  ჩვეულ მოვლენას წარმოადგენს და მისი აღმოფხვრა ხდება რუტინული მომსახურების დროს.

სხვადასხვა კონსტრუქციისთვის, აუცილებელი რუტინული მომსახურება ხორციელდება გეგმის შესაბამისად. დიდაჭარის კაშხალს უტარდება უწყვეტი მონიტორინგი, რისთვისაც გამოიყენება კაშხალზე დაყენებული საუკეთესო ინსტრუმენტები და ვიზუალური ინსპექცია.

დამატებითი ზომის სახით „აჭარისწყალი ჯორჯიამ” დაიქირავა საერთაშორისო კაშხლის სპეციალისტები,  რომელთა მოვალეობებში შედის კაშხლის უსაფრთხოების და მდგრადობის შემოწმება და კაშხლის კონსტრუქციაზე დამატებითი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.

2023 წლის იანვარი-მარტის პერიოდში, კაშხლის სპეციალისტებმა დიდაჭარის კაშხალზე განახორციელეს დეტალური შეფასება, გადაამოწმეს შესაბამისი მონაცემები და მოამზადეს დასკვნა, რომლის თანახმადაც კაშხლის კონსტრუქცია უსაფრთხოა, ხოლო წყლის გამონადენი კაშხალზე დიზაინით გათვალისწინებულ საზღვრებშია.

„აჭარისწყალი ჯორჯია” კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ დიდაჭარის კაშხალი და მასთან დაკავშირებული ყველა ნაგებობა სათანადო საექსპლოატაციო მდგომარეობაშია, ასევე ხორციელდება გეგმური  მონიტორინგი. შესაბამისად, კაშხლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შესაძლო შეშფოთებას არავითარი საფუძველი არ გააჩნია”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლონ შუახევი ჰესის ამჟამინდელი მდგომარეობა და მიიღონ ყველა ზომა, რათა თავიდან აიცილონ მძიმე შედეგები, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს ჰესის ამ პირობებში მუშაობას. ორგანიზაცია ეხმაურება „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტს და აღნიშნავს, რომ გახსნიდან დღემდე რამდენჯერმე უკვე დაზიანდა ჰესის სხვადასხვა ნაწილი და ამის მიუხედავად, ის მაინც მუშაობს.