ECR ჯგუფმა საქართველოს პროევროპელი ხალხი და ნინო ლომჯარია სახაროვის პრიზზე წარადგინა

პუბლიკა

ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის (ECR Group) განცხადებით, „საქართველოს პროევროპელი ხალხი და ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აზრის თავისუფლებისთვის 2023 წლის სახაროვის პრიზზე წარადგინეს“.

განცხადების მიხედვით, ქართველი ხალხი ევროპული მომავლსთვის წლების განმავლობაშ იბრძოდა, ისევე როგორც საკუთარი უფლებებისა და მისწრაფებებისთვის.

ამავე განცხადებით, ნინო ლომჯარია „მთელი ამ ბრძოლის მანძილზე ურყევი შთაგონების შუქურად  გამოირჩევა“.

„1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქართველმა ხალხმა შემართებით აღადგინა დემოკრატიული სახელმწიფო და აირჩია რეორიენტაციის გზა ევროატლანტიკური თანამეგობრობისკენ.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, მომდევნო მთავრობებმა წვლილი შეიტანეს ამ პროცესში, განაგრძეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მიაღწიეს არსებით შედეგებს, გადალახეს მრავალი დაბრკოლება და რუსეთის იმპერიული პოლიტიკისგან მათი ქვეყნის მთლიანობისა და სუვერენიტეტის პირდაპირი საფრთხეც კი. ბოლო წლებში საქართველოს ხალხი არაერთხელ შეერთდა თავისი ქვეყნის დასაცავად, სასტიკად იბრძოდა საკუთარი უფლებებისა და მისწრაფებებისთვის, დადებითად იმოქმედა მთავრობის გადაწყვეტილებებზე და შეადგინა ქვეყნის გამძლეობის ბირთვი.

მთელი ამ ბრძოლის მანძილზე ურყევი შთაგონების შუქურად ერთი ინდივიდი გამოირჩევა: ნინო ლომჯარია. საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში იგი წარმატებით იცავდა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონებიდან და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებს და აძლიერებდა ადამიანის უფლებების დაცვას, განსაკუთრებით ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. დიდი ზეწოლის მიუხედავად, მას ჰქონდა გამბედაობა, მხარი დაეჭირა მათთვის, ვინც სხვადასხვა ფორმის დისკრიმინაციას განიცდის, მაგალითად, პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებების შემთხვევაში.

ნინო ლომჯარია და თავისი გუნდი ასევე დაეხმარნენ საქართველოში პლურალიზმისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას. მათმა წარუშლელმა გამბედაობამ, მოკრძალებულობასთან და პროფესიონალიზმთან ერთად, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, ხელი შეუწყო საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებას, რომელიც შეესაბამება მისი მოქალაქეების ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თან ერთვის ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას კომენტარი:

„კარგად ვიცნობ ქართველ ხალხს და მტკიცედ მჯერა, ისინი იმსახურებენ აღიარებას და ჩვენს პატივისცემას.

ჩვენი ნომინაცია აჩვენებს, რომ ECR Group მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას დასავლეთისკენ. პატივს მივაგებთ იმას, რასაც ქართველმა ხალხმა მიაღწია და მიმართულებას, რომელიც მან აიღო უზარმაზარი დაბრკოლების მიუხედავად.

მიხარია, რომ არსებობენ ნინო ლომჯარიას მსგავსი ადამიანები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ქვეყნის დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებში“, – ამბობს ანა ფოტიგა.


სახაროვს პრემია 1988 წელს ევროპარლამეტის მიერ დაარსდა და ჯილდო გაიცემა ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, დემოკრატიის განვითარების და კანონის უზენაესობის დაცვის, საერთაშორისო სამართლის პატივისცემის, უმცირესობის უფლებების დაცვის მიმართულებით.