ონში 27 სექტემბერს რაჭაში ტყეებზე გაცემული ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით მორიგი აქცია დაანონსდა, – ამის შესახებ მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.
facebook-ჩართვისას მან ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვითი დეპარტამენტის განცხადებაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანიას ტყის ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი შეუჩერდა. გოლეთიანის განმარტებით, ამ ინფორმაციაში სიახლე არაფერია და ის მხოლოდ პროცედურას აღწერს, რაც დაინტერესებული საზოგადოებისთვის აქამდეც ცნობილი იყო. როგორც ის ამბობს, ამგვარი ინფორმაცია მანიპულაციურად გაავრცელეს, რათა საზოგადოებაში დაბნეულობა გამოეწვიათ და პროტესტის მუხტი შემცირებულიყო.
როგორც გოლეთიანი ამბობს, სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით გაცემული ლიცენზია კვლავ მოქმედებს, ზემოთ აღნიშნული პროცესის შეჩერებით კი პრობლემა არ წყდება, ვინაიდან კომპანიას ვადა აქვს მიცემული, რომ წარმოადგინოს სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა. ამ გეგმის წარდგენის შემდეგ კი ტყის ექსპლუატაცია დასაშვები გახდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გოლეთიანი ამბობს, რომ ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნა კვლავ აქტუალურია.
„ეს ამბავი ისედაც ცნობილი იყო ამა წლის 25 მარტის მონაცემებით, როდესაც უნდა წარმოედგინათ სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა და არ წარმოადგინეს. შესაბამისად, ხელისუფლებამ თავადვე გადაუვადა მას ეს ვადა და უთხრა, რომ შემდეგი ერთი წელი მიეცა ამისთვის, ალბათ, რომ წარადგინოს ეს გეგმა და ამის შემდეგ წავა პროცესი ისე, როგორც წავა. ანუ დაიწყებს იქ რეალურად მოქმედებას.
ყველამ ყველაფერი ვიცოდით, ამაში უცხო არავისთვის არაფერი იყო, და გუშინ ეს ისე დახატეს, თითქოს შეწყდა ლიცენზია, შეუჩერდა მიწების გადაცემის პროცესი… ეს ნარატივი თავიდან ბოლომდე ემსახურება იმას, რომ პროტესტი განეიტრალდეს და ჩვენ ვერ მივყვეთ ამ საკითხს ბოლომდე. კარგი დასაწყისი აქვს ამ პროცესს, ყველა გარკვეული იყო, ხელიც ყველამ მოაწერა, ყველა წინააღმდეგი იყო და ჩაირთო ახლა იქიდან საწინააღმდეგო მანქანა“, – განაცხადა გოლეთიანმა და დასძინა:
„ეს ლიცენზია არ გაუქმებულა, ვატარებთ აქციას ონში 27-ში და მოვითხოვთ, პირველ რიგში, ლიცენზიის გაუქმებას”, – განაცხადა მან.
ე.წ. კარტოგრაფების საქმის მოწმე დავით ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად 2022 წლის მარტში გადაეცა. ის რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი და სანქცირებულ რუსი ბიზნესმენის, ვლადიმერ ევტუშენკოსთან დაახლოებული პირია.
რაჭის მოსახლეობა, აქტივისტები, დარგობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ტყის გადაცემას აპროტესტებენ და ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვენ. ამ მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებაც მიმდინარეობს.